ნიკოლოზ მეტრეველი: სუს-მა ამ ეტაპისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
ნიკოლოზ მეტრეველი: სუს-მა ამ ეტაპისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
19:11 07.05.2019
ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სუს-ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნების ფაქტს ეხმაურება.

„თავისთავად ფაქტი არის ძალიან შემაშფოთებელი და რეზონანსული. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული. უფრო მეტ დეტალს ველოდები გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სუს-მა და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ნებისმიერი, არსებული თუ ყოფილი მაღალჩინოსნის უსაფრთხოება, მისი ოჯახის უსაფრთხოება უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული.

ამავდროულად ვფიქრობ, რომ მეტი სიცხადე უნდა იყოს საქმეში, რათა თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ინფორმაცია, რადგან მეორე მხრივ ჩაერთვება ძალიან პროპაგანდის და დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც შეეცდება რომ საპირისპიროდ შეამოტრიალოს ეს საქმე და საბოლოო ჯამში დამნაშავე ისევ ხელისუფლება გამოვიდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია. მესმის რომ გარკვეულ დეტალებს სუს-ი ვერ და არ ასაჯაროვებს, მაგრამ მათ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ და ყველა აუცილებელი ღონისძიება გაატარონ. თუ ვხედავთ რომ მაჩალიკაშვილი არ ემორჩილება და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ესეც დაუშვებელია და მაქსიმალურად მკაცრი მოქმედება უნდა მოხდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.


ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.
ბეჭდვა