პარლამენტი მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას დღეს გააგრძელებს
 პარლამენტი მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას დღეს გააგრძელებს
17:37 17.04.2019
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტის განხილვას ტექსტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვის შემდეგ გააგრძელებს- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„გავიზიარეთ იმ კოლეგების ნაწილის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია უკვე საბოლოო ტექსტი არსებობდეს, რომელზეც იქნება მსჯელობის საშუალება და ამის შემდეგ განვაგრძობთ უკვე პლენარულ ფორმატში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა პ როცედურასთან დაკავშირებით გაიმართა, ხოლო ხვალ საგნობრივი განხილვა შედგება, მათ შორის, გამოცდის საკითხთან დაკავშირებულ რეკომენდაციაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდის ამოღებას კრიტერიუმებიდან“. მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კოდექსის გათვალისწინებით, უმჯობესია გამოცდა მთლიანად მოიხსნას.

„მგონია, რომ მთელი კოდექსის გათვალისწინებით, მაინც უმჯობესია, მთლიანად მოვხსნათ გამოცდა იმისათვის, რომ სალაპარაკო არ გახდეს ეს ყველაფერი, თორემ მე პირადად, მიზანშეწონილად მიმაჩნია ზოგადად, რომ დარჩეს გამოცდა, იმიტომ, რომ გამოცდა არის ყველაზე ქმედითი ბერკეტი, რომ შევაფასოთ მოსამართლეობის კანდიდატების კვალიფიკაცია, კომპეტენცია და შეგახსენებთ, რომ კომპეტენცია არის ორიდან ერთერთი უმთავრესი კრიტერიუმი, რითაც უნდა შეირჩეს და აირჩეს საბოლოო ჯამში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

ამიტომ, გამოცდის ამოღებას მე არ მივემხრობოდი, თუმცა ასეთი არის მთელი რიგი სუბიექტების პოზიცია და შეგვიძლია, ეს მხედველობაში მივიღოთ. ხვალ საბოლოოდ ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით უმრავლესობაში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



ბეჭდვა