განზრახ მკვლელობაში და სხვისი ნივთის განადგურებაში ბრალდებულებს 16-16 წლით პატიმრობა მიესაჯათ
განზრახ მკვლელობაში და სხვისი ნივთის განადგურებაში ბრალდებულებს 16-16 წლით პატიმრობა მიესაჯათ
11:49 08.04.2019
საქართველოს გენერალური  პროკურატურის ინფორმაციით,
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ბრალდებულები გ.გ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში გ.გ. და მ.კ. ამ უკანასკნელის პაპის - ჯ.კ.-ს მოკვლისა და მისი თანხის დაუფლების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და ჯ.კ.- ს დანებით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ რომ ჯ.კ. გარდაიცვალა, კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა მ.კ. 2017 წლის 11 მაისს, ხოლო გ.გ. 2017 წლის 12 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და გ.გ. -ს და მ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბეჭდვა