შსს-ს მომსახურების სააგენტო 8 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის
შსს-ს მომსახურების სააგენტო 8 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის
13:30 08.02.2019
მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს ყველა სერვისცენტრი 8 თებერვლიდან 1 მარტამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.

მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო საათების რაოდენობა დღეიდან გაიზრდება და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე - 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.
2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C,D, და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტომ 6 თვით გაახანგრძლივა.

შსს-ს ცნობით, მართვის მოწმობების შეცვლის ვადებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ უზრუნველჰყო მოქალაქეთა ინფორმირება და არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. მათ შორის, ყველა ფიზიკურ პირს, რომლის სახელზეც ირიცხება აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობა, კუთვნილი მობილურის ნომერზე გაეგზავნა პირადი შეტყობინება. ასევე, ყველა იურიდიულ პირს, რომლის მფლობელობაშიც იყო აღნიშნული კატეგორიების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები, გაეგზავნა ოფიციალური წერილი.

„მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში ზემო აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობები ყოველდღიურ რეჟიმში იცვლებოდა, მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო დღეებში, რის გამოც სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.

აქვე გვსურს შეგახსენოთ, რომ ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს ვისაც BC, BD,BCD კატეგორიები და ქვეკატეგორიები აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნული მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცვლას 1 მარტის შემდეგაც უგამოცდოდ შეძლებენ“ - აცხადებენ სააგენტოში.
ბეჭდვა