ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
15:28 12.11.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ზ.ლ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 29 მაისს, ზ.ლ. თავს დაესხა ქ.თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში მდებარე სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში, მოლარე ოპერატორებს და პისტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით - სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 1995 ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა ზ.ლ. დანაშაულის ჩადენისთანავე, ბანკის შენობიდან გასვლისას დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარუდგინა.

ზ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ბეჭდვა