კონსტანტინე სირაძე: ზაზა სარალიძეს შევხვდი ადვოკატთან ერთად, ამ შეხვედრაზე არც ფარდულის, არც დანის გაღუნვის თემა არ გაჟღერებულა
კონსტანტინე სირაძე: ზაზა სარალიძეს შევხვდი ადვოკატთან ერთად, ამ შეხვედრაზე არც ფარდულის, არც დანის გაღუნვის თემა არ გაჟღერებულა
17:18 25.07.2018
ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილემ, კონსტანტინე სირაძემ საგამოძიებო კომისიის წევრების წინაშე ზაზა სარალიძესთან მისი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
სირაძის თქმით, შეხვედრაზე არც ფარდულის და არც დანის გაღუნვის თემა არ გაჟღერებულა.
„როდესაც მე დავინიშნე თანამდებობაზე, გამოვთქვი სურვილი რომ შევხვედროდი ბატონ ზაზას და ეს შეხვედრა შედგა, მას ახლდა ადვოკატი და შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბატონი ზვიადი. მე მას ვუთხარი, რომ დღევანდელი მოცემულობით გვყავს ორი მსჯავრდებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დასრულდა. მან ახსენა საუბრის დროს, რომ ამ დანაშაულში მონაწილეობდა მ.კ. მე ვუთხარი, რომ ნებისმიერი პირი, ვინც მონაწილეობდა იმ ინციდენტში წარმოადგენდა ჩემი ინტერესის სფეროს, მე მას ვუთხარი, რომ ნებისმიერი პირის მიმართ თუ გამოიკვეთება დანაშაული, მე მზად ვარ დავიწყო სისხლისსამართლის დევნა. ასევე ავუხსენი, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. კ. ფიზიკურ შემხებლობაში იყო თქვენს შვილთან, ვერ გახდებოდა დევნის დაწყების საფუძველი, თუმცა თუ იქნებოდა სხვა დეტალი, აუცილებლად მოყვებოდა ჩვენი მხრიდან რეაგირება. მე მას ვკითხე, თუ ჰქონდა რაიმე კონკრეტული დეტალი, ეთქვა ჩემთვის, რომ დაგვეწყო მუშაობა. მან მითხრა, რომ ბავშვები თქვენთან არ ამბობენ არაფერს, მაგრამ ჩემთან იძახიან. მე ისევ ვუთხარი, რომ თუ იქნებოდა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ჩემთვის უცნობი იყო, აუცილებლად ეთქვა ჩემთვის. იმ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა არც ფარდულის, არც დანის თემა. ეს შეხვედრა შედგა მარტის დასაწყისში. ერთადერთი მისი პოზიცია იყო ის, რომ მე ვიცი რომ დამნაშავე არის მ.კ. და ახსენა მეორე პირიც. მას ზვიად ფხაკაძემ უთხრა, რომ თუ გულისხმობთ გ.მ. - ს, ამ ეტაპზე არ არსებობს მის მიმართ მტკიცებულება, მაგრამ თუ გაქვთ რაიმე ხელჩასაჭიდი, აუცილებლად უნდა გადმოგვცეთ-თქო. ეს იყო ბოლო შეხვედრა“- განაცხადა სირაძემ.

ბეჭდვა