ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თვითმხილველ მძღოლს დაჰკითხავს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი  მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თვითმხილველ მძღოლს დაჰკითხავს
11:46 28.06.2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთ მოწმეს, მოზარდებს შორის დაპირისპირების თვითმხილველ მძღოლს დაჰკითხავს. სხდომა მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართება.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქმეზე ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რასაც გამოძიება სჭირდება. მისივე თქმით, თვითმხილველებთან საჯარო შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.
"სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, რჩება პასუხგაუცემელი, კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ არამარტო პასუხგაუცემელი რჩება, უფრო მეტი დამატებითი კითხვა გაჩნდა. ჩვენ გავაგრძელებთ თვითმილველებთან შეხვედრებს, ეს იქნება ვიწრო ფორმატში, თუმცა ისევ საჯარო "-განაცხადა კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან კომისიის წევრის სოფო კილაძის განცხადებით კი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შაბათს შს სამინისტროს წარმომადგენლის გამოკითხვა იგეგმება, რაც საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
"უფრო არსებით საკითხებზე შაბათს ვიმსჯელებთ, როდესაც დაგეგმილია შს სამინისტროს წარმომადგენლის ბატონი ფიფიას გამოკითხვა. უფრო მეტ კითხვებს დავუსვამთ მას და უფრო მეტ ინფორმაციას წამოვიღებთ "-განაცხადა კილაძემ.


ბეჭდვა