„ახალგაზრდა ადვოკატები“: უზენაესი სასამართლო სახელმწიფოს ალტერნატიული ფართის გადაცემას გიორგი პაპუაშვილისთვის სთავაზობს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: უზენაესი სასამართლო სახელმწიფოს ალტერნატიული ფართის გადაცემას გიორგი პაპუაშვილისთვის სთავაზობს
17:23 03.04.2018
საქართველოს უზენაესი სასამართლომ სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე, მხარეთა მორიგების მიზნით, საქმის არსებითი განხილვა, უკვე მესამედ, 2018 წლის 12 აპრილამდე გადადო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ გაეცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ქონების შეთავაზების პირობებს და როლანდ ბლადაძის მხრიდან წარმოდგენილ ობიექტების მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად, კვლავ რჩებოდა შესაძლებლობა, მხარეებს კიდევ ერთხელ მოეხდინათ საკუთარი პოზიციების შეჯერება. სასამართლომ მიიღო ინფორმაცია, რომ როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ბინის სანაცვლოდ, სახელმწიფო თანახმა იყო დაზარალებულს არასაცხოვრებელი ფართი გადსცემოდა ქ. ბათუმში ან ქ. თბილისში, თუმცა როლანდ ბლადაძემ წარმოდგენილი ობიექტების ადგილზე დათვალიერების შემდეგ, უარი განაცხადა ალტერნატიული ფართის მიღებაზე - თბილისში შემოთავაზებული ალტენატიული ფართი წარმოდგენილია შავი კარკასის მდგომარეობით, შენობას არ გააჩნია კომუნიკაციები, არ არის ექსპლუატაციაში შესული, ავარიულია მთლიანად კორპუსი, ხოლო ბათუმში შემოთავაზებული არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენს მხოლოდ კომერციული ინტერესებისთვის საინტერესოს. ამასთან, შემოთავაზებული ფართი განეკუთვნება სტიგმატიზირებულ ქონებათა რიცხვს, ვინაიდან გამოიყენება მიცვალებულთა სასახლეების საამქროდ. როლანდ ბლადაძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რომ სახელმწიფოს მეტი თავისუფალი უძრავი ქონება არ გააჩნდა, რის გამოც, მორიგებაც ვერ შედგა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, მორიგების პროცესის მიმდინარეობის დეტალური გაცნობის შედეგად და წარმოდგენილი პოზიციების მიუხედავად, მიიჩნია, რომ მხარეთა შორის კვლავ რჩებოდა დავის მორიგებით გადაჭრის შესაძლებლობა. შესაბამისად, საქმის განმხილველმა თავმჯდომარე მოსამართლე ნინო ბაქაქურმა გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, სხდომაზე გამოაცხადა შესვენება, დარბაზი გამოთავისუფლდა დამსწრე პირებისგან და მედიის წარმომადგენლებისგან და მორიგების საკითხებთან დაკავშირებით, პალატამ მოისმინა პროცესის მონაწილეების პოზიციები. მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დარბაზი დაატოვებინა როლანდ ბლადაძის წარმომადგენელს არჩილ კაიკაციშვილს, რაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ადვოკატისთვის და დახურულ სხდომაზე, 1 საათის განმავლობაში, მოუსმინა მხოლოდ როლანდ ბლადაძეს, გიორგი პაპუაშვილისა და სამინისტროს წარმომადგენლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს.

არჩილ კაიკაციშვილმა სხდომის განახლებისთანავე განცხადება გააკეთა შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ პალატის დამოკიდებულება პროფესიულად და კანონის არსიდან გამომდინარე, სრულიად გაუმართლებელი იყო. მისი თქმით, დაირღვა კანონი, ვინაიდან დარბაზში მოსამართლემ დაიტოვა მხარეები, თუმცა რეალურად ისინი იყვნენ მხარეების წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა მოეხდინა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და გიორგი პაპუაშვილის მოწვევა და არა - მათ წარმომადგენლებთან გასაუბრება, რადგანაც წარმომადგენლები არ იყვნენ მხარეები. ერთადერთი მხარე დარბაზში იმყოფებოდა მხოლოდ როლანდ ბლადაძის სახით. არჩილ კაიკაციშვილმა შემთხვევას „დარბაზიდან გაძევების“ კვალიფიკაცია მისცა და აღნიშნა, რომ სასამართლო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ მორიგების პროცესს აფერხებს მხოლოდ სახელმწიფოს არათანაბარი და დამდგარ ზიანთან შეუსაბამო შემოთავაზებები და არა - რომელიმე მხარის წარმომადგენლის პოზიცია. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლომ საქმე არსებითად უნდა განიხილოს და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა აიღოს ქონების ჩამორთმევის საქმეზე მისაღები გადაწყვეტილებისთვის. სასამართლოს პოზიციით, მთავარია შედეგი, რომელსაც ელოდება როლანდ ბლადაძე და მისი ინტერესების დაკმაყოფილება, ვიდრე მომავალში სასამართლოს მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების წარმოშობა, რომ მორიგების კუთხით სასამართლომ ყველა რესურსი არ გამოიყენა.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა გიორგი პაპუაშვილთან უშუალოდ კომუნიკაცია ალტერნატიულ ფართსა და ჩამორთეულ ქონებას შორის გაცვლის შესაძლებლობის განხილვაზე. ამასთან, როლანდ ბლადაძეს პოზიციების ჩამოყალიბება, მიიღებდა თუ არა ორ ალტერნატიულ, შავი კარკასის მდგომარეობაში, იმავე კორპუსში საცხოვრებელ ფართს. სასამართლოს განმარტებით, სწორედ ამ რესურსის ამოწურვის შემდეგ, სასამართლო დაიწყებდა საქმის არსებით განხილვას.

საქმეს ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი განიხილავს. მომდევნო სხდომა 2018 წლის 12 აპრილს, 15:30 საათზე გაიმართება



ბეჭდვა