სომეხი ექსპერტ-პოლიტოლოგის, არბაკ ხაჩატრიანის განცხადებით, აუცილებელია, რომ ტვირთების ალტერნატიული
მარშრუტების საკითხებზე სომხეთი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
ეს განცხადება მან რუსულ გამოცემა «Новые известия»-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„სომხეთი ამ მოლაპარაკებებში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული და მონაწილეობდეს. ეს გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან საკითხი ეხება სომეხი ერის ბედს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მონები თუ მძევლები. სხვათა შორის, არც შვეიცარიული კომპანია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუ შეთანხმება ტვირთების მოძრაობისა და საბაჟო მონიტორინგის თაობაზე ამოქმედდება, ყველაფერი კარგად აეწყობა და პრობლემები აღარ იქნება. სომხეთმა უნდა მოითხოვოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, რომ რაიმე დესტაბილიზების შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ მას დანაკარგების გამო კომპენსაცია გადაუხადოს.
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად არის წინააღმდეგი, რომ რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ამუშავდეს. ქართველი „ნაციონალები“ წინააღმდეგნი არიან, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ეკონომიკური კავშირები გაღრმავდეს, განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით. ამასთან, ქართული „ნაციონალური“ ოპოზიცია მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ანუ ისინი არად აგდებენ თბილისისა და მოსკოვის ძალისხმევას, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკური პრობლემების გვერდის ავლით, ვაჭრობაში ითანამშრომლონ და როკი-ფსოუს საკონტროლო გამშვები პუნქტებით ისარგებლონ“-აცხადებს პოლიტოლოგი.
P.S. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: region.ge