თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნების შემდეგ
პირველი და რიგით მეთერთმეტე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები; ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე მოწვეული იყვნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 19 პარტიის წარმომადგენლები (როგორც ეს კომისიის დებულებით და მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით არის განსაზღვრული), ასევე, მოთხოვნის საფუძველზე მოწვევა გაეგზავნა დამატებით კიდევ 5 პარტიას. სხდომაზე დასასწრებად მოწვევა გაეგზავნათ 28 ადგილობრივი არასამთავრობო და 8 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
ღონისძიებაზე მოისმინეს ცესკო-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ანგარიშები კენჭისყრის დღეს არსებული ვითარების შესახებ.
გოჩა ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა საარჩევნო კანონმდებლობის დაცვის მნიშვნელობას საარჩევნო სუბიექტების მხრიდან და აღნიშნა, რომ ყველა შესაძლო ხარვეზთან დაკავშირებით რეაგირება უნდა დასრულდეს კანონით დადგენილი პროცედურების ფარგლებში.
„ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ მიერ იქნა მიღებული, მეორე ტურის წინაც დადასტურებული იქნება“, – თქვა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მისი მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.