არჩილ თალაკვაძე: პრემიერის ანგარიში და ინტერპელაცია იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს აქვს ინსტიტუციური დემოკრატია
არჩილ თალაკვაძე: პრემიერის ანგარიში და ინტერპელაცია იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს აქვს ინსტიტუციური დემოკრატია
11:52 31.05.2020
“პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა თავის ანგარიშვალდებულება და აჩვენა მზადყოფნა ოპონირებისა და მწვავე დისკუსიისთვის. ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს აქვს ინსტიტუციური დემოკრატია. გაიხსენეთ, რას ამბობდა ოპოზიცია მის მოსვლამდე -ისინი ამბობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ვერ მოდის, პრემიერ-მინისტრს არ აქვს კითხვებზე პასუხები, პარლამენტი გაუქმებულია და მსგავსი დემაგოგია, - ყველამ ვიცოდით, უკლებლივ ყველა მოქალაქემ იცოდა, რომ ეს იყო სიცრუე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ გასული სასესიო კვირა „იმედის“ პირდაპირ ეთერში შეაფასა.

მან ასევე შეაფასა ოპოზიციის განცხადებებიც: „მეტსაც გეტყვით - მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო რეფორმა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა განვახორციელეთ, მინისტრების და პრემიერ-მინისტრების მისვლა და მოსმენა პარლამენტში, მხოლოდ ამ წელიწადნახევარში, აღემატება წინა 20 წლის ჯამურ მაჩვენებელს. ეს არის განსხვავება, ჩვენ როგორ ვხედავთ დემოკრატიას და როგორ აკეთებდა ამას ახლა ოპოზიციაში მყოფი წინა ხელისუფლება. საზოგადოებას ამის შედარება არ გაუჭირდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას ოპოზიციის მხრიდან საგნობრივი დისკუსია მოესმინა, საუბარი შეეხო ყველაფერს, გარდა კოვიდ-19-ისა და რეალური სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისა.

„მოდით, მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ, რა უთხრა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას და რა უთხრა ოპოზიციამ პრემიერმინისტრს.

პრემიერ-მინისტრმა უთხრა, რომ კოვიდ19-ის პანდემიის დროს მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ ამოცანებს. ჯანდაცვის მიმართულებით 350 მილიონი ლარი იხარჯება; მოქალაქეთა სოციალური დახმარებისთვის - მილიარდ 35 მილიონი; ხოლო ბიზნესის და ეკონომიკის მხარდასაჭერად, რომელიც საბოლოო ჯამში, ისევ მოქალაქეების ეკონომიკაა, ისევ ოჯახების შემოსავალია, 2.11 მილიარდი ლარი იხარჯება. პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას ამ პროგრამის დეტალებიც დაუკონკრეტა.

ოპოზიციამ, ამის საპასუხოდ, თქვა, რატომ არ ვაუქმებთ საპენსიო ფონდს და ამ ფულს არ ვურიგებთ მოქალაქეებს, რაზეც სხვათაშორის არ აქვს მოქალაქეების თანხმობა. ასევე თქვა, რომ არ არსებობს კოვიდის საწინააღმდეგო სოლიდარული ფონდი და მასში არ გაკეთებულა ჩარიცხვები, მაშინ როცა, ათასობით მოქალაქემ, უმრავლესობის დეპუტატებმა, ბიზნესმენებმა, ასევე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 100 მილიონი ჩარიცხეს ფონდში და ამის გადამოწმება ყველა მოქალაქეს შეუძლია - ფონდი არსებობს და ეს თანხაც რეზერვშია მოქალაქეთა დასახმარებლად. ისინი აპელირებდნენ არჩევნებზე და აკრიტიკებდნენ ეკლესიას. კოვიდ19-ის და პანდემიის მართვაზე, გახსნის გეგმაზე, სექტორების მხარდაჭერაზე პრაქტიკულად საქმიანი არც კრიტიკა და არც წინადადებები არ მოგვისმენია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


ბეჭდვა