საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის პროგრამის მონაწილეებთან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე, უსაფრთხოებაზე, საგარეო პოლიტიკაზე და კოვიდ19-თან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. დისკუსია ონლაინ ფორმატში გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა უნივერსიტეტის მაგისტრებს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის, დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ესაუბრნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, დემოკრატიულ რეფორმებზე და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო კახა კუჭავა პროგრამის მონაწილეებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების, პარლამენტარიზმისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ ესაუბრა.
სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარები, მაღალი რანგის საჯარო და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენელი ქართველი სპიკერები და ექსპერტები.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების ციფრული ვიზიტი საქართველოში პირველად განხორციელდა, რომელსაც „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა“ (CDD) 2-5 მაისს უმასპინძლა.
პროგრამაში მონაწილეობა უნივერსიტეტის 15-მა მაგისტრმა მიიღო, რომლებიც, მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად საქართველოს ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით რეკომენდაციებს მოამზადებენ.