საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან გაცნობითი ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება განიხილეს. ისაუბრეს კოვიდ-19-ის პირობებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე. ხაზი გაესვა სადამკვირვებლო მისიის როლს და მნიშვნელობას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზურუნველყოფის კუთხით.
ირაკლი ბერაია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ესაუბრა პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმაზე.
მარეკ შჩიგელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კოვიდ-19-ის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებს.