საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამტრედიაში, ყოფილი ფეხბურთელი
კახა კალაძე ინტერესდება, მოუხდის თუ არა ბოდიშს ქართველ ერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ამის შესახებ კალაძემ პრეზიდენტის მიერ გუშინ სამტრედიაში კალაძის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლების შეფასების კომენტირებისას განაცხადა.
„ჩემს წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს და ამიტომ, ხელზე დახვეული აქვთ ეს ორი ავტოგოლი. მე ამის გამო ბევრჯერ მოვიხადე ბოდიში, ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ავტოგოლი აქვს საქართველოს კარში გატანილი“-აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის ავტოგოლები განსაკუთრებით ეხება ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას და იმ ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლეს, რომელთაც 2008 წელს თავი შესწირეს.
„საინტერესოა, თუ შესწევს უნარი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტს, ბოდიში მოუხადოს ქართველ ერს იმ უბედურებების გამო, რაც წლების განმავლობაში აქვს გაკეთებული“-განაცხადა კალაძემ.
პრეზიდენტმა გუშინ, სამტრედიაში განაცხადა, რომ „საქართველოს საკუთარ კარში გოლის გამტანების დიდი ბრიგადა შემოესია“. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის, ვისთვისაც სულ ერთია, ომი საქართველომ დაიწყო თუ რუსეთმა, გოლის გატანას საკუთარ კარში ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს იტალია-საქართველოს საფეხბურთო მატჩზე საქართველოს ეროვნული ნაკრების იმჟამინდელმა კაპიტანმა კახა კალაძემ ორი ავტოგოლი გაიტანა.