გურამ ნიკოლაშვილი: სააკაშვილის ავტორიტარული ქმედებები მტერთან ბრძოლის ეგიდით უნდა შეფუთულიყო და გამართლებულიყო
გურამ ნიკოლაშვილი: სააკაშვილის ავტორიტარული ქმედებები მტერთან ბრძოლის ეგიდით უნდა შეფუთულიყო და გამართლებულიყო
19:34 06.08.2019
„სააკაშვილმა მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანა რუსეთზე, როგორც მტრის ხატზე ააგო - წერს ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი სტატიაში სათაურით „ვინ „ამოისუნთქა“ 2008 წელს“.

მისი თქმით, სააკაშვილის ავტორიტარული ქმედებები მტერთან ბრძოლის ეგიდით უნდა შეფუთულიყო და გამართლებულიყო

„რუსეთი, რომლის ხელშეწყობითაც გაღვივდა სეპარატიზმი საქართველოში, რომლის მეშვეობითაც გაიყინა ეს კონფლიქტები და რომელსაც რეალურად ეჭირა ხელში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები, ყველაზე კარგი და სწორი კანდიდატურა იყო გარე მტრის ხატის როლის შესასრულებლად. მტერთან ბრძოლის ეგიდით უნდა შეფუთულიყო და გამართლებულიყო სააკაშვილის ავტორიტარული ქმედებები. მტერი და მასზე დაფუძნებული მტრის ხატი; რეალური, ფიზიკური საფრთხე, თავისი გამოხატულებებით და პროპაგანდისთვის გამოყენებული ჰიპერბოლიზებული და უტრირებული იმიჯი. რუსეთზე, როგორც მტრის ხატზე, ააგო სააკაშვილმა მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანა. ოპოზიციონერები გახდნენ რუსეთის აგენტები, ბადრი პატარკაციშვილი, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილი, იყვნენ რუსული ინტერესების გამტარებელი ოლიგარქები, 7 ნოემბერი იყო რუსული სცენარის განეიტრალება, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძვრა საქართველოში საბოლოოდ უკავშირდებოდა რუსეთს. დღემდე ეს ხალხი საუბრობს რუსულ სცენარებზე“ - წერს სტატიის ავტორი

ამასთან, მისი თქმით, ყველაზე ტრაგიკული, რუსეთთან ომი, რომელშიც უკანმოუხედავად, დაუფიქრებლად შევიდა სააკაშვილი, ცხინვალის რეგიონის დაბრუნების სურვილით, გამარჯვების იმედით, შედეგების გაუთვლელად, სადაც ქვეყნის მარცხი მონათლა გამარჯვებად, ხოლო მტრის ხატის იმიჯი გაამყარა აგრესორის რეალური ქმედებებით.

„არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა არ იცოდეს რას მოუტანს ქვეყანას რუსეთთან ომი. როდესაც ომის თავიდან არიდების ყოველგვარი მცდელობის და სამშვიდობო პოლიტიკის წარმოების ნაცვლად, მკლავებს იკაპიწებ და შედიხარ ჩხუბში მოწინააღმდეგესთან, სადაც განწირული ხარ დამარცხებისთვის, გამოძრავებს სხვა მიზანი. რაც მთავარია, ჩხუბში შედიხარ ქართველი ჯარისკაცის სისხლით, ქართული მიწებით, ქართული სოფლებით, ქართველების დათრგუნვით და საქართველოს მარცხით. ეს არის ის ფასი, რაც საკუთარი ძალაუფლებისთვის გადაიხადა სააკაშვილმა. მან ჯერ მიიტაცა სახელმწიფო და შემდეგ დახარჯა იგი საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით“ - წერს ანალიტიკოსი.

სტატიის ბმული; https://www.kvirispalitra.ge/politic/55992-vin-qamoisunthqaq-2008-tsels.html


ბეჭდვა