„გერმანიის ელჩი ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ბატონი ჰუბერტ ქნირში მხარს უჭერს სასამართლო
სისტემის გაძლიერებას და იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს. ჩვენ ყველა ელჩთან და მათ შორის გერმანიის ელჩთან, ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტში წარიმართება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის მთავარი საკითხი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებული პროცედურები. ანრი ოხანაშვილმა სტუმარს გააცნო მისი გეგემა და ხედვა, თუ როგორ უნდა წარიმართოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება.
„ჩვენ ვისაუბრეთ, მათ შორის, იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც უნდა წარიმართოს ჯერ კომიტეტში და ზოგადად, შემდგომ პარლამენტში. საქმე შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას. შეხვედრაზე გავცვალეთ პოზიციები, თუ როგორ წარმოგვიდგენია ამ პროცესის წარმართვა. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს პროცესი იყოს გახსნილი, პროცესში ჩართული იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა დაინტერესებული სუბიექტი. ამ ყველაფერმა უნდა უზრუნველყოს პროცესისადმი მაქსიმალური ნდობა საზოგადოებაში“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, ყველა ეტაპზე დააკვირდნენ პროცესს.