"ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება ჟურნალისტების გარეშე და სახელმწიფო არ იქნება პოლიციის გარეშე,
საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე" - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ექიმებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის დააჯილდოვა.
ღირსების მედალი საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა: „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ - ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და პოლიციელებსაც, რომლებიც 20 ივნისის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
,,ჟურნალისტებს შორისაც არიან დაზარალებულები. ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მინდა, მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო.
ასევე პოლიცილების მიმართ, რომლებიც იმ ღამეს არნახული ძალადობის ქვეშ იყვნენ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას.
არ შევეხები ძალის გადამეტების საკითხს. ამის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. ეს გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია. ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს.
ეს არ უნდა გადავიდეს ყველა პოლიციელზე, რადგან ამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება თუ არა ჟურნალისტები, სახელმწიფო არ იქნება, თუ არა სამართალდამცველები, საზოგადოება არ იქნება თქვენ გარეშე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.