არჩილ თალაკვაძე: ანაკლიის პროექტს აქვს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან
არჩილ თალაკვაძე: ანაკლიის პროექტს აქვს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან
19:21 07.06.2019
„ანაკლია არის სტრატეგიული პროექტი ჩვენი ეკონომიკისთვის და საქართველოს მომავალი განვითარებისთვის. მინისტრმა სახელობით ჩამოთვალა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფოს აქვს გაკეთებული ამ პროექტის მხარდასაჭერად, თუ რა მხარდაჭერა გრძელდება იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელდეს ეს პროექტი და პირდაპირ თქვა, რომ ამ პროექტს აქვს სახელმწიფოს პირდაპირი მხარდაჭერა“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.


არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არც ერთი გადაწყვეტილება არა განხორციელდება იმ სახით, რაც სტრატეგიული პროექტის განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის.


„ის 100 მილიონიანი სუბორდინირებული სესხიც, 300 მილიონიანი ვალდებულებებიც, რომელიც სახელმწიფომ გამოყო ამისათვის და ის სუბსიდიებიც, რომელიც ამ პროექტისთვის გაკეთდა, ადასტურებს, რომ ამ პროექტს აქვს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან. არც ერთი სხვა გადაწყვეტილება არ განხორციელდება იმ სახით და ისეთი შინაარსის, რომელმაც შეიძლება რაიმე საფრთხე შეუქმნას ჩვენთვის ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელებას“,-განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.


არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფოთის პორტი ანაკლიის კონკურენტი არ არის და ეს მკაფიოდ გამოჩნდა იმ გადაწყვეტილებაშიც, რომელიც მთავრობამ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მყისიერად მიიღო.


„რაც შეეხება ფოთის პროექტს, ფოთის პორტი დიდი ხანია ფუნქციონირებს, ეს არის საქართველოს ეკონომიკის ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ბუნებრივია, ის არგუმენტებიც, რითაც ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო, სადაც თავიდან ითქვა, რომ ფოთის პორტი მნიშვნელოვანწილად არ არის ანაკლიის კონკურენტი, ვინაიდან ანაკლია არის ღრმაწყლოვანი და რის ასევე იმ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ პოტენციალზე გათვლილი, რომელიც საქართველოს ასათვისებელი აქვს, ბუნებრივია, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ის პოზიციაც, რაც აქვს მთავრობას და ეს გამოჩნდა, როდესაც მინისტრმა მიიღო სწრაფი გადაწყვეტილება თუნდაც იმ საწყის ტექნიკურ დოკუმენტთან დაკავშირებით, რასაც შეეძლო კითხვის ნიშნები გამოეწვია“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ანაკლიის პორტი არ არის ისეთი მარტივი პროექტი ზედაპირულად დაგეგმილი პროექტი, რომელსაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ერთერთი საჯარო მოხელის ტექნიკურმა დოკუმენტმა. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტი არის კომერციული, სტრატეგიული და გეოპოლიტიკური პროექტი და ყველანაირი კონკურენცია და რისკები, რომელიც შეიძლება ამ პროექტს ახლდეს, თავიდანვე იყო გათვლილი.


„ყველა დიდ პროექტს აქვს თავისი რისკები, ეს რისკები წინასწარ იყო განხილული სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და აქ ძირითადი ამოცანა არის ინვესტიციების მოზიდვა კონსორციუმისთვის და ჩვენთვის ძირითადი ამოცანა არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმ ვალდებულებების შესრულება, სადაც ჩვენ თანმიმდევრულები ვართ და არც ერთ ვალდებულებაზე სახელმწიფოს უკან არ დაუხევია. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ პროექტს აქვს ძალიან მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, აქვს ძალიან მტკიცე ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ამას აჩვენებს ფაქტები, ამას აჩვენებს გადაწყვეტილებები და ის ფული, რომელიც სახელმწიფომ დახარჯა და რომელიც კიდევ აქვს გამოყოფილი პროექტისთვის“,-განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.


ბეჭდვა