პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა
15:43 26.05.2019
თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

შეხვედრის დასაწყისში ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა.

პრემიერის მერსსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.
ბეჭდვა