კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში სიკეთეს იმ დროიდან მოყოლებული აკეთებს, პოლიტიკასთან შეხებაც რომ არ ჰქონია
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში სიკეთეს იმ დროიდან მოყოლებული აკეთებს, პოლიტიკასთან შეხებაც რომ არ ჰქონია
00:35 12.04.2019
"არჩევნები საქართველოში ფაქტობრივად ყოველ წელს არის, ბიძინა ივანიშვილი კი ამ ქვეყანაში სიკეთეს იმ დროიდან მოყოლებული აკეთებს, პოლიტიკასთან შეხებაც რომ არ ჰქონდა", – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოთქმულ მზადყოფნაზე, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები, კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავს პროექტებზე ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი ლარი აქვს დახარჯული, რომელიც, თბილისის მერის განცხადებით, ოფიციალურად დამტკიცებულია.

„სამეგრელოში ჩავიდა და მაშინვე არჩევნებს დაუკავშირეს. 2005 წლიდან, 2019 წლამდე მხოლოდ სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდში, დაახლოებით 17 მილიონი ლარის საქველმოქმედო პროექტებია განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით. სამეგრელოში დაახლოებით, 30 მილიონი აქვს დახარჯული „ქართუ ფონდს“.

მესმის, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს არ უყვარდეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ამ გაკეთებულ სიკეთეებზე, ავუხსნათ საზოგადოებას. ეს სირცხვილი არ არის, პირიქით, ყველას უნდა ვუთხრათ, რამდენი რაღაც კეთდება, რომ სიკეთე იყოს გადამდები. კაცს სამება აქვს აშენებული და მისი მოხატვა თუ გადაწყვიტა, ეს რა პრობლემაა. უკვე ისე იხატება ყველაფერი, სიკეთის კეთებაც რაღაც დანაშაულად გამოგყავთ. მგონია, ასეთი ადამიანები მეტი სჭირდება ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები.

ბეჭდვა