1-2 აპრილს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ
და კომიტეტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ბუქარესტში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯომარე ქვეყნის, რუმინეთის პარლამენტის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და ევროპული ქვეყნების პარლამენტების წევრებმა ევროკავშირის მომავალზე, სამომავლო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ევროკავშირის ეკონომიკური მოდელის რეფორმის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
კონფერენციაზე, თამარ ხულორდავას გამოსვლა ევროკავშირის გაფართოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საკითხებს დაეთმო. მან ევროკავშირში არსებული შიდა პრობლემების მიუხედავად, გაფართოების და ევროკავშირის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს რეფორმირების პროცესში ევროკავშირის როლს გაუსვა ხაზი. „ევროკავშირის ყველაზე დიდი სიმდიდრე არც მშვიდობა და სტაბილურობა და არც მისი თავისუფალი ბაზარია. მისი სიდიადე სწორედ იმაშია, რომ შეუძლია სამაგალითო და მისაბაძი იყოს, შეუძლია სხვა ქვეყნები წაახალისოს ზოგჯერ ურთულესი რეფორმებისკენ, შეუძლია იყოს მიზიდულობის ცენტრი, რომელსაც ყველა ესწრაფვის. რაც არ უნდა დიდი იყოს ევროკავშირის შიდა სირთულეები, ევროპული პროექტის რწმენა არ უნდა დაკარგოთ და არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ იყო სამაგალითო, პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ მზად ვართ, ეს რთული გზა თქვენთან ერთად და თქვენი დახმარებით გავიაროთ“ -განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი საერთო ამოცანაა და ამ თვალსაზრისით, აუცილებელია საქართველო არ დარჩეს მარტო რუსული ოკუპაციის პირისპირ. მან მადლობა გადაუხადა რუმინეთის პარლამენტს, რომელმაც ევროკავშირის მომავლისადმი მიძღვნილი კონფერენციის ერთი პანელი აღმოსავლეთ პარტნიორობის და ასოცირებულ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებს დაუთმო. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს რუმინეთის მხარდაჭერას ასოცირებული ქვეყნების მიმართ.
კონფერენციის დასასრულ, მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს რომლის მე-11 პუნქტის თანახმად, ევროპის კონტინენტზე სტაბილურობის და განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ევროპული პერსპექტივის გახსნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობას ესწრაფვიან.