დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა თვითმმართველობების უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელა
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა თვითმმართველობების უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელა
16:46 01.04.2019
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის პირველი თემატური სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა.

სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ამავე სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ როსებაშვილმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს და ისაუბრეს სტრატეგიით განსაზღვრული ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

მომხსენებელთა განცხადებით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია ეფუძნება სამ ძირითად მიმართულებას: ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაზრდა; თვითმმართველობების ფინანსური და მატერიალური გაძლიერება; ჩართულობა და გამჭვირვალობა.

დღევანდელ სხდომაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო თვითმმართველობების უფლებამოსილების საკითხს - ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაზრდას საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში.

წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, სხდომაზე აქტიური დისკუსია გაიმართა.

გამოითქვა მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ზაზა გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობის კოდექსის გარდამავალ დებულებებში არსებული შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულების საჭიროებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის. გამოითქვა მოსაზრება, რომ საჭიროა სტრატეგიის ცალკეულ ნაწილში, ცალკეულ მუხლში იმის დაკონკრეტება, თუ რა იგულისხმება ავტორების მხრიდან ამა თუ იმ სტრატეგიულ ამოცანაში. ყურადღება დაეთმო ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შემოტანის საკითხსაც, რომელსაც სხდომის მონაწილეთა აზრით, შეუძლია უფრო მეტი შესაძლებლობები მისცეს მუნიციპალიტეტებს.

სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დასასრულ, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის პირველი თემატური სხდომის შედეგები შეაჯამა ზაზა გაბუნიამ.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი კიდევ რამდენიმე სამუშაო სხდომას გამართავს, რომლებიც შეეხება თვითმმართველობათა ქონებას და ფინანსებს, გამჭვირვალობის, ჩართულობისა და გაძლიერების ნაწილს მუნიციპალიტეტებში. ამის შემდეგ გამოიკვეთება, თუ რა სახეს მიიღებს საბოლოოდ პარლამენტის რეკომენდაციები.

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა შემდეგ ორშაბათს გაიმართება.
ბეჭდვა