სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვის სამაგალითო გზას მიჰყვება
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვის სამაგალითო გზას მიჰყვება
17:23 07.03.2019
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, ვილნიუსში პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.

სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის ლიეტუვის გზა, რომლითაც ის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანდა სამაგალითოა.

,,მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტია ამ ჩვენს უძველეს, მეგობარ ქვეყანასთან, რომელმაც ჩვენთვის ძალიან გასაგები გზა გაიარა და რომელთანაც ძალიან ბევრი ისტორიული თარიღი გვაკავშირებს; პირველი დამოუკიდებლობაა, რომელიც აღვნიშნეთ შარშან. ქალბატონი პრეზიდენტი ჩამოსული იყო საქართველოში 26 მაისს და ყველას გვახსოვს, როგორ მიმართა მან საქართველოს მოსახლეობას ქართულ ენაზე - ეს არის იმის ნიშანი და სიმბოლო, თუ რამდენად არსებობს ორ ქვეყანას შორის პატივისცემა და მეგობრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პატარა ქვეყანა ხარ.

მართალია, ტერიტორიულად დაშორებული ვართ, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ, სწორედ, იმ წარსულის გაზიარების გამო და ასევე იმიტომ, რომ ახალ პერიოდში ჩვენ გვიწევს ერთი და იმავე გზის გავლა. ამ გზაზე ჩვენ წინ მიდის ლიეტუვა, რომელიც ბევრად ადრე შევიდა ნატოსა და ევროკავშირში, მაგრამ, ეს არის ჩვენი გზა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენთვის სამაგალითო გზა, - ის გზა, რაც ქვეყანამ გაიარა.

ჩემთვის პირადად, თქვენ ხართ ერთ-ერთი მაგალითი, როგორც ქალი პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, რომელმაც ძალიან რთული ეტაპები გაიარა და საჭიროა, იცოდე ვისგან იღებ მაგალითს, როდესაც ამ გზას ადგები.

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ეს მეგობრობა და მხარში დგომა, რადგან ჩვენ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მიმართულებით ახალ ეტაპზე ვართ გადასული, სადაც თვითონ ევროკავშირს აქვს საკუთარი შიდა გამოწვევები და ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენი ადგილი ამ პერიოდში ჩვენი მეგობრების დახმარებით და ეს ადგილი არის, - ,,მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში" და ყველგან, ყველა იმ პროგრამაში მონაწილეობა, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ.

ნატოსთან ურთიერთობაში ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მზადყოფნა, - ეს იქნება სამხედრო, თუ ჩვენი რეფორმების კუთხით, რომელიც გრძელდება, მიმდინარეობს და გადასული ვართ ყველაზე გადამწყვეტ ეტაპებზე. ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ.

ეს გამოწვევები მხოლოდ ამით არ მთავრდება. ჩვენ დღევანდელ, მსოფლიოში ერთნაირი გამოწვევები გვაქვს. ჩვენ ვართ ორ სხვადასხვა რეგიონში, ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის აუზში პატარა ქვეყნები, იმ დროს, როცა ძალიან დიდი ქვეყნები, დიდი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო ძალები არსებობენ მსოფლიოში ჩვენ ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ. არსებობს ახალი საფრთხეები, რისთვისაც უნდა მოვემზადოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ვიზიტის ხვალინდელი დღე კიბერუსაფრთოხოების კუთხით და მემორანდუმის ხელმოწერა, რადგან ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ ახალ გამოწვევებშიც გვექნება მხარდაჭერა და ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

ნატოში, ჩემი ყოფნის დროსაც, იყო საუბარი იმაზე, რომ დაახლოებით ამ ტიპის კიბერცენტრი, შესაძლოა, საქართველოშიც გაიხსნას, მომავალში.

ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს ყველა მიმართულებით.

ჩნდება ახალი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მიმართულებები შავ ზღვაზე, რომელიც გვაკავშირებს ევროკავშირთან და აქაც არის ადგილი ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის.

მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი და მრავალხმრივი თანამშრომლობა განათლებისა და ეკონომიკის სფეროში, ან კიდევ რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებით, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების კუთხით.

ჩვენს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებობს ურთიერთობების ქსელი, არსებობენ დაძმობილებული ქალაქები და შესაძლებელია ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი და ღრმა თანამშრომლობის განვითარება.

რაც ეხება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, უნდა აღინიშნოს, რომ აქაც გამორჩეულად მხარს გვიჭერს ლიეტუვა. ყველგან და ყოველთვის იმეორებს არაღიარებისა და არშეგუების პოლიტიკას. გვიჭერს მხარს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიისა და სანქციების დაწესების მხრივ, ეს მიღებულია მათ კანონმდებლობაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ, მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ყველა მხრივ ჩვენი უერთგულესი მხარდამჭერია, ესმის რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა შენი ტერიტორიის ერთი ნაწილი ოკუპირებულია, რას ნიშნავს ეს მოსახლეობისთვის, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ ამის გამო არ ჩერდება ჩვენი წინსვლა და სვლა იმ საგარეო მიზნებისკენ, რომლებიც ასახულია ჩვენს კონსტიტუციაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მიღწევები აქვს - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, - ეს საქართველოს მიღწევებია, თუმცა დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და მათი განხორციელების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია: საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა სასამართლო სისტემის რეფორმების მიმართულებით და თანმიმდევრულად მიჰყვეს ანტიკორუფციულ გზას.

დალია გრიბაუსკაიტემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მნიშვნელობას.

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული და საქართველოს პატივს სცემენ ამ თანამშრომლობისათვის.

დალია გბიაუსკაიტეს განცხადებით, როცა საქართველო მზად იქნება, ნატო-ს კარიც გაიღება.
დემოკრატიის ხარისხის მოთხოვნა, ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, საქართველოს საშინაო დავალების შესრულებას მიჰყვება და ამ გზაზე ლიეტუვა მუდმივად დაეხმარება. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში.
ბეჭდვა