ზურაბიშვილი უცხოეთში ვიზიტებზე: გარედან უფრო ჩანს, როგორ პოზიტიურად უყურებენ საქართველოს, - როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს
ზურაბიშვილი უცხოეთში ვიზიტებზე:  გარედან უფრო ჩანს, როგორ პოზიტიურად უყურებენ საქართველოს, - როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს
13:41 06.03.2019
„ჩვენ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით, ზოგჯერ კი გვიჭირს ჩვენივე რეალური მიღწევების დაჯერება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გარედან უფრო ჩანს, რა გზა გაიარა საქართველომ და, ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორ პოზიტიურად უყურებენ მას დღეს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს. ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იყო და მინდა, რომ ეს განცდა თქვენც გაიზიაროთ, რამეთუ ეს ჩვენი ერთობლივი , ჩვენი ერის მიღწევაა“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით გავიარეთ გზა, რომელიც 15 წლის წინ წარმოუდგენელიც იყო. ეს გზა მოიცავს სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთის პარტნიორობას, ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციას.

ასეთივე ძნელი წარმოსადგენია ჩვენი ხვალინდელი ადგილი ევროპისა და მსოფლიო რუკაზე, მაგრამ არჩეულ გზაზე ნათლად ჩანს, რომ ყველაზე დიდი კოზირი სწორედ საქართველოა - მისი რეალური სახის, მისი პოტენციალის, კულტურისა და იდენტობის წარმოჩენა.

დღეს საქართველოსთვის, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება. ევროპის სამომავლო სახე დღეს იკვეთება; ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა 27 ქვეყანას საგანგებოდ მიმართა და შესთავაზა ახალი ევროპის კონცეფცია - „ყველასთვის ღია ევროპა“, რომელიც გაფართოებისა და გაწევრიანების არსებული მოდელების გადააზრებას მოითხოვს. იგი გვიხსნის ახალ გზებს, რათა უშუალოდ ჩავერთოთ „სხვადასხვა სიჩქარით“ წინ მიმავალ ევროპაში. ასეთ გზაზე ნაწილობრივ უკვე ვდგავართ, - გავხდით მთელი რიგი პროგრამებისა და ფორმატების მონაწილე და მივისწრაფით სხვა მიმართულებებში ჩართვისკენ. ასეთი ნაბიჯ-ნაბიჯ „შესვლის“ გამოცდილება გვაქვს განათლების, უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. ვართ ევროპოლის სრულყოფილი წევრი. ვითხოვთ, რომ საქართველო სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული ევროპის კულტურულ სივრცეში. ჩვენ მიმართ მაღალია მზადყოფნა პარტნიორების მხრიდან, რათა გაითვალისწინონ ჩვენი, როგორც ასოცირებულ ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებული წევრის, განსაკუთრებული პოზიცია.

ამ მზადყოფნის დასტურია ევროპელი პარტნიორების მიერ ატაცებული ჩვენი გზავნილი - „მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა - საქართველოში“. ასევე, პოზიტიური განწყობის ნიშანია მათ მიერ დაანონსებული, მაღალი რანგის წარმომადგენლობითი მონაწილეობა ბათუმის კონფერენციაზე, სადაც საქართველოს საკუთარი პოზიციების დროულად წარდგენის შანსი ეძლევა. დროულად, რამეთუ წლის ბოლოსთვის იგეგმება საფრანგეთის მიერ ორგანიზებული მასშტაბური „კონფერენცია ევროპისათვის“, სადაც ახალი ევროპის კონცეფციას ხორცი უნდა შეესხას“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბეჭდვა