მამუკა ბახტაძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
მამუკა ბახტაძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
15:06 19.02.2019
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის 2019 წლის პრიორიტეტებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო გაეროს განვითარების პროგრამის გეგმებს წარმატებით ასრულებს და მიჰყვება.

ლუიზა ვინტონმა მამუკა ბახტაძეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის აქტიურ ჩართულობას გაეროსთან და UNDP-თან კომუნიკაციაში.

შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" წარმატებით განხორციელების საქმეში, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლებაზე წვდომისა და მიკრო და მცირე ბიზნესის წახალისების პროგრამის მიმართულებით, გაეროს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საუბრისას, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებას დაეთმო ყურადღება. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული სფეროს აქტუალურობას და აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ მწვანე ეკონომიკის განვითარებაა.

ბეჭდვა