მარიამ ჯაში: ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები დავაშოროთ ადამიანურ ტრაგედიებს
მარიამ ჯაში: ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები დავაშოროთ ადამიანურ ტრაგედიებს
16:44 08.02.2019
„ზედმეტად ექსპრესიული, ემოციური გამოსვლა, იმდენად მტკივნეულ საკითხს, რომელსაც ჩვენ ვიხილავდით გუშინ, ნამდვილად არ შეეფერება და სწორედ ეს ბადებს ეჭვებს, რომ ხდება არა მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებზე ბრალდებების გაჟღერება, არამედ აღნიშნული ტრაგედიის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მარიამ ჯაშმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ წარმოდგენილი მოხსენება შეაჯამა და ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა.

მინისტრის გამოსვლის შეფასებისას, კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე ძირითად გზავნილზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მოხსენებაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაჟღერდა.

„მივესალმები, რომ წლების შემდგომ, მოხდა განათლების უწყების მხრიდან არა მხოლოდ დადასტურება, არამედ, მზაობის გამოხატვა, რომ სკოლამდელი და ადრეული განათლების სისტემის პოლიტიკის შემუშავება დაუბრუნდეს განათლების სისტემას. ასევე, სკოლის ინფრასტრუქტურაში გასამმაგებული ფინანსური ინვესტიციები არის უაღრესად მნიშნელოვანი. ვისაუბრეთ 2018 წელს, მანდატურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში მიღებული კანონის განხორციელების პროგრესზე. ასევე, მისასალმებელია პროფესიული განათლების კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იწყებს ახალ ეტაპს პროფესიული სწავლების კუთხით და ამ შემთხვევაშიც, სამინისტროს აქვს კონკრეტული, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული, როგორც 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ჩიხის აღმოფხვრის თვალსაზრისით, ასევე კერძო კოლეჯების დაფინანსების კუთხით. პირველად, კერძო კოლეჯები ჩადგნენ თანაბარ კონკურენტულ პირობებში საჯარო კოლეჯებთან ერთად და აღნიშნული ნამდვილად გახლავთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის ერთერთი მნიშვნელოვანი შედეგი“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ბეჭდვა