გიორგი კახიანი: დატოვებს თუ არა ეკა ბესელია უმრავლესობას, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მისივე ქმედებებზე
გიორგი კახიანი: დატოვებს თუ არა ეკა ბესელია უმრავლესობას, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მისივე ქმედებებზე
15:22 11.01.2019
მოუწევს თუ არა ეკა ბესელიას უმრავლესობის დატოვება, როგორც მმართველი გუნდი აცხადებს, ეს თავად ბესელიას მოქმედებებზეა დამოკიდებული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, უმრავლესობა და პარტიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მიიღებს. მოხდება თუ არა ეკა ბესელიას გარიცხვა საპარლამენტო უმრავლესობიდან, ჯერ კიდევ უცნობია.

„საუბარია იმაზე, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც დაადგენს კრიტერიუმებს, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენა სასამართლოში. ამის შემდეგ ვიმსჯელებთ კონკრეტულ მოსამართლეებზე... არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა და იმედი მაქვს, ეს მსჯელობა არ მოგვიწევს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება თვითონ ეკას ქმედებებზე, თუ რა განცხადებებს გააკეთებს იგი, როგორ იმოქმედებს. ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს, არ დადგება დღის წესრიგში მისი პარტიიდან გაშვების საკითხი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა კაჭრეთში განაცხადა, სადაც მმართველი გუნდის ლიდერები არიან შეკრებილნი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა, თავად ბესელია კი, რომელიც ამჯერად სტრასბურგში იმყოფება, განმატრავს, რომ აღნიშნულ საკითხზე, ორშაბათს ისაუბრებს.

ბეჭდვა