საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაპონიის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაპონიის ელჩს შეხვდა
10:42 06.12.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულების მნიშვნელობა აღინიშნა და ამასთან დაკავშირებით იაპონიაში მაღალი დონის ვიზიტებისა და ბიზნეს ფორუმის დაგეგმვის საკითხი განიხილეს.

ასევე, საუბარი მომავალი წლის გაზაფხულზე იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენისა და თანმხლები ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარების დეტალებს შეეხო. აღინიშნა, რომ გამოფენა იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობისა გაზრდასა და იაპონიის ბაზარზე ქართული პროდუქციის შემდგომ პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მიზნით, ხაზი გაესვა მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში იაპონელ ბიზნესმენთა ჯგუფის რეგიონული მისიის ორგანიზების წარმატებით დაგეგმვის აუცილებლობას და მომავალი წელს იაპონიაში დაგეგმილი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის საჭიროებას. მხარეებმა საქართველოს შესაბამის უწყებებთან სამუშაოების ერთობლივი კოორდინაციის სურვილი გამოხატეს.

შეხვედრის დროს იაპონიის ელჩმა მინისტრის მოადგილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატთა მხარდაჭერის საკითხში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იაპონიის კანდიდატის შემდგომი მხარდაჭერის იმედი გამოხატა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იაპონიის საელჩოს მიერ გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოხატა და იაპონურ მხარესთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაადასტურა.
ბეჭდვა