თამარ ხულორდავამ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები გააცნო
თამარ ხულორდავამ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები გააცნო
18:24 22.11.2018
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს შეხვდა.

პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს ევროკავშირის შექმნის ისტორია, მისი გაფართოების და განვითარების პრიორიტეტები და საქართველო-ევროკავშირის არსებულ თანამშრომლობის მიმართულებებზე ინფორმაცია მიაწოდა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის და კომიტეტის ჩართულობაზე ისაუბრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თამარ ხულორდავამ სტუდენტებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე საუბრისას, საქართველოს ეკონომიკისთვის და ქართველი მეწარმეებისთვის მიღებულ სარგებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, ევროპულ ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტის დინამიკა ეტაპობრივად იზრდება, რაც საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე ვიზალიბერალიზაციის თემასაც შეეხო და ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლის მნიშვნელობა აღნიშნა.

უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. ახალგაზრდები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე და ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებით დაინტერესდნენ.

„სტუდენტებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციაზე, პარლამენტის როლზე და ამ პროცესში კომიტეტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაცია მივაწოდე. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასოცირების შეთანხმებაზე, ამ პროცესის მიმდინარეობაზე და სამომავლო ნაბიჯებზე, იმაზე თუ რა პერსპექტივა აქვს ევროკავშირის გაფართოებას. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ეს თემები აინტერესებთ, რადგან სწორედ მათ ხელშია საქართველოს მომავალი და მისასალმებელია, ამ პროცესში, მათი აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის საკითხებზე ცოდნის ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტის სტუდენტები კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.

„შეხვედრის გამართვის ინიციატივა თავად სტუდენტებიდან წამოვიდა, რადგან მათ დიდი ინტერესი ჰქონდათ კომიტეტის თავმჯდომარისგან მოესმინათ, თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. შეხვედრა საინტერესო ფორმატით წარიმართა და სტუდენტების სახელით მადლობას ვუხდი თამარ ხულორდავას და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს“, - განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, დავით ნატროშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბეჭდვა