ირმა ინაშვილი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს შეხვდა
ირმა ინაშვილი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს შეხვდა
17:29 19.11.2018
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს საქართველოში ერიკ ტოსატს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებსა და დაგეგმილ მეორე ტურზე. ირმა ინაშვილი ელჩს ესაუბრა იმ ფაქტორებზე, რამაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოს პატრიოტების მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერა განაპირობა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ისაუბრეს პოსტსაარჩევნო პერიოდზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საქართველოში.

პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „საქართველოს პატრიოტების“ მიერ დაანონსებულ აქციებზე, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება.

„საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები მოვიწვიეთ აქციებზე, რომელსაც „საქართველოს პატრიოტები“ 23 და 25 ნოემბერს ბათუმსა და თბილისში გავმართავთ. აქციების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე გამოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ უნდათ 2004-20012 წლების წარსულსა და პოლიტიკურ რეალობაში დაბრუნება. ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია საქართველოში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „საქართველოს პატრიოტების“ მიერ პარლამენტში წარდგენილ რეზოლუციაზე.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ „საქართველოს პატრიოტების“ რეზოლუციაზე, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. ქვეყანაში კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს და სამართლიანობა აღდგეს. ყურადღება გავამახვილეთ გახმაურებული საქმეების გამოძიების აუცილებლობაზე. რეზოლუცია ითვალისწინებს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მიეცეს „სააკაშვილ-ბოკერიას“ მმართველობას, 2004-2012წლების პოლიტიკურ რეალობას, რა შედეგები შესაძლოა მოჰყვეს ამ რეზოლუციას“, - განაცხად ირმა ინაშვილმა.

ბეჭდვა