დავით ზალკალიანი დღეს სკანდინავიის ქვეყნებში შეხვედრებს გამართავს
დავით ზალკალიანი დღეს სკანდინავიის ქვეყნებში შეხვედრებს გამართავს
17:12 11.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინეთის რესპუბლიკას და ნორვეგიისა და დანიის სამეფოებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

12 ნოემბერს, ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საგრეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ტიმო სოინისთან, რის შემდეგაც გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ასევე შეხვედრებს გამართავს ჰიბრიდული საფრთხეების ევროპული ცენტრის წარმომადგენლებთან, ასევე ეწვევა მანერჰეიმის მუზეუმს. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ფინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.


საგარეო უწყების ინფორმაციით, 13 ნოემბერს, ნორვეგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სამუშაო შეხვედრას გამართავს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ინე ერიქსენ სორაიდესთან.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ისაუბრებს რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე, შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. დავით ზალკალიანი ასევე გაეცნობა ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული არქივების გამოფენას.



საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ნორვეგიის პარლამენტის წევრებთან, ნორვეგიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და ასევე შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.



ვიზიტის ფარგლებში, „სინემათიკაში“ გაიმართება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სახელწოდებით - „ნორვეგიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დასაწყისი“.



14 -15 ნოემბერს, დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდერს სამუელსენთან და ინტეგრაციისა და იმიგრაციის მინისტრთან ინგერ სტოიბერგთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება დანიის პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს.



ასევე, დავით ზალკალიანი კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამხედრო სწავლებების ცენტრში წაიკითხავს საჯარო ლექციას, რა დროსაც მიმოიხილავს რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს.



დანიაში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

ბეჭდვა