ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე სტრასბურგს ეწვევიან
ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე სტრასბურგს ეწვევიან
13:58 07.11.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე სტრასბურგს ეწვევიან, სადაც 8-9 ნოემბერს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში“.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციას გახსნიან: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ეკა ბესელია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალური დირექტორი, კრისტოს გიაკუმოპულოსი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ირაკლი გივიაშვილი.

ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის რეფორმას გააცნობენ, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის სტრუქტურირებული და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.

კონფერენციის ერთ-ერთ სესიაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიმართება, დაგეგმილია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ლადო ჭანტურიას სიტყვით გამოსვლა.


ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები მიმოიხილავენ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის პროცესს, გაეცნობიან წევრ სახელმწიფოებთან ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ინიციატივებს, იმსჯელებენ ევროპული სასამართლოს უახლეს მიდგომებზე გადაწყვეტილებებში ზოგადი თუ ინდივიდუალური ღონისძიებების იდენტიფიცირების კუთხით, განხილული იქნება ვენეციის კომისიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები და ასევე, კანონპროექტების შესაბამისობის საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიმართებაში.



კონფერენციაზე დასკვნითი სიტყვით გამოვა იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ეკა ბესელია.

ბეჭდვა