არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველომ“ IX მოწვევის პარლამენტის,
2016 წლის 18 ნოემბრიდან - 2017 წლის 31 ოქტომბრის საქმიანობის შეფასების ანგარიში წარადგინა. პრეზენტაცია, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლიკა საჯაიამ და თამარ ტატანაშვილმა წარმოადგინეს, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს, საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, მიღებული საკანონმდებლო აქტების შეფასებას, კომიტეტების და ცალკეული პარლამენტის წევრების საქმიანობის ანგარიშს მოიცავს.
მომხსენებლების ინფორმაციით, შეფასებითი ანგარიში პარლამენტის აპარატიდან მიწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებს, ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფების მიერ წარმოებულ დაკვირვებებს და ანალიზს და ასევე, 1843 ადამიანის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება.
ლიკა საჯაიას პრეზენტაციის ნაწილი საანგარიშო პერიოდში პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციების მიგნებებს, საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის გამოწვევებს და ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს შეეხებოდა. მისი განცხადებით, წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, ანგარიშში პოზიტიურ ტენდენციად არის შეფასებული საკანონმდებლო საქმიანობა, საზედამხედველო საქმიანობა, დეპუტატების აქტივობა და გამჭვირვალეობა. რაც შეეხება გამოწვევებს - მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა, კანონის ამოქმედების ვადის გადავადება, საპატიო მიზეზებით პარლამენტის წევრების მიერ პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენა კვლავაც პრობლემურ საკითხებს წარმოადგენს. ლიკა საჯაიამ პროგრესულ და ნეგატიურ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა და საანგარიშო პერიოდში მიღებული კანონები შეაფასა. პარლამენტის საქმიანობის შეფასების პრეზენტაციისას, არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა, თამარ ტატანაშვილმა მიღებული კანონების რაოდენობაზე, მათ ავტორებზე, პარლამენტის კომისიების და საბჭოების საქმიანობაზე და ცალკეული დეპუტატების აქტივობებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 68 პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 649 კანონი, 1864 დადგენილება, 73 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება და 1 რეზოლუციის მიღება მოახდინა.
„საერთაშორისო გამჭირვალობის მიერ რამდენიმე წლიური ანგარიშია მომზადებული, რომელშიც საკმაოდ კარგად ჩანს პარლამენტის საქმიანობის პროგრესი წლიდან-წლამდე.
ვფიქრობ, რომ 2018 წლის ანგარიში კიდევ უფრო პოზიტიური იქნება, რადგან მეტად გაძლიერდება პარლამენტის საზედამხედველო მექანიზმები. გამოიკვეთა რამდენიმე სამართლიანი შენიშვნა, მათ შორის სხდომებზე დასწრებასთან და საპარლამენტო მუშაობაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ასევე საკმაოდ დიდი რიცხვი გვაქვს დაჩქარებული წესით კანონების განხილვის. დღევანდელმა პრეზენტაციამ დამარწმუნა, რომ ძალიან სწორად ვხედავთ ჩვენსავე ხარვეზებს და ყველა გაჟღერებული პრობლემა მოგვარდება პარლამენტის მიერ ახალი რეგლამენტის მიღების შემთხვევაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. მისივე განცხადებით, ანგარიშში მოცემული გამოწვევების დიდი ნაწილი და მასთან ერთად კიდევ ბევრი სხვა საკითხი, პარლამენტის ახალი რეგლამენტით დარეგულირდება და იგი სწორედ და ადექვატურად უპასუხებს პარლამენტის წინაშე მდგარ პრობლემებს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ცალკეული დეპუტატები წამატებული საქმიანობისთვის რამდენიმე ნომინაციაში დააჯილდოვა. კერძოდ: გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის თამარ ჩუგოშვილი დაჯილდოვდა, პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრის პრიზი იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას გადაეცა, ყველაზე აქტიურ კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დასახელდა, პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის პრიზი ირინა ფრუიძეს გადაეცა, პლენარული სხდომის ყველაზე აქტიურ მონაწილედ საპარლამენტო უმცირესობიდან სერგო რატიანი დასახელდა, პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილის ჯილდო უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან რომან გოცირიძეს გადაეცა, ხოლო ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორებად ზურაბ ჭიაბერაშვილი და სერგო რატიანი დასახელდნენ.