დავით ზალკალიანი: თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში ჩანაწერი ადასტურებს, რომ საქართველო აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში წინა პოზიციებზეა
დავით ზალკალიანი: თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში ჩანაწერი ადასტურებს, რომ საქართველო აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში წინა პოზიციებზეა
16:13 21.06.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ წინა პოზიციებზეა.
მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოება არის პირდაპირ მიბმული ევროპის უსაფრთხოებაზე და პირიქით.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ასეთი მოცულობით და ამ სახით ჩანაწერი საქართველოზე მოხდა პირველად და ეს არის ძალიან მისასალმებელი მოვლენა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადასტურებს აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ წინა პოზიციებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ამ აქტში საუბარი არის ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე, ანუ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოება არის პირდაპირ მიბმული ევროპის უსაფრთხოებაზე და პირიქით“ - განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის სენატმა 2019 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.

დავით ზალკალიანის განცხადებით აქტში საუბარია ასევე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე და პირდაპირ არის მხარდაჭერილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია. მინისტრის შეფასებით ამ აქტით აშშ-სთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის, რაც მისი თქმით არის გამყარებული როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე. „ჩვენ ველით, რომ ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც უკვე განხორციელდა საქართველოსთან მიმართებაში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, რაც აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და მდგრადობას, ასევე შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯებით გაძლიერდება“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით ჯერ მხოლოდ ჩანაწერი გაკეთდა სენატის აქტში. ზალკალიანის თქმით მსგავსი სახის ჩანაწერი არსებობს ქვედა პალატის კონგრესის აქტშიც, შემდგომი ნაბიჯები კი ითვალისწინებს ორივე ჩანაწერის შეჯერებას და სენატში კენჭისყრას, რათა საბოლოოდ საკანონმდებლო აქტად იქცეს.

ბეჭდვა