არჩილ თალაკვაძე: სამთავრობო ცვლილებები უმრავლესობის სხდომის განხილვის საკითხი არ ყოფილა
არჩილ თალაკვაძე: სამთავრობო ცვლილებები უმრავლესობის სხდომის განხილვის საკითხი არ ყოფილა
18:32 12.06.2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრაზე საკადრო ცვლილებების საკითხზე მსჯელობა არ მომხდარა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდში იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც მოსახლეობას დღესდღეობით აწუხებს.
ამის შესახებ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დასრულდა უმრავლესობის შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე, ვიმსჯელეთ გაეროს ეგიდით ჩატარებული ძირითადი კვლევის შედეგებზე და ამ შედეგებთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, ცნობილი გახდა კვლევებით, რომ ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დგას იმ პრობლემების წინაშე, რომელშიც ჩვენი ხელისუფლების მოქმედება საჭიროა. ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.
რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, ეს არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის განხილვის საკითხი. შესაძლოა ზოგიერთ დეპუტატს აქვს მოსაზრება ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ მე გეუბნებით, უმრავლესობის სხდომის საკითხებთან დაკავშირებით. რომ სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა.
თქვენ იცით, რომ ჩვენი გუნდისთვის ყველაზე პრინციპულია, შევინარჩუნოთ ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი საზოგადოებასთან და რაც მთავარია, მივაღწიოთ მიზნებს, რომლებიც ჩვენმა გუნდმა საზოგადეობასთან ერთად დაისახა“- განაცხადა თალაკვაძემ.

ბეჭდვა