პარლამენტის პლენარული სხდომა ოთხშაბათს გაიმართება
პარლამენტის პლენარული სხდომა ოთხშაბათს გაიმართება
21:51 11.06.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატ ნიკანორ მელიას მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ ქმედებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით პარლამენტის წევრის განრიდება რათა სამართალდარღვევის აღსაკვეთად მოხდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დეპუტატის მიმართ განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით განმარტება შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო.

„მინდა, გამოვეხმაურო პარლამენტის წევრის მიმართ განხორციელებულ ქმედებას. როგორც მოგეხსენებათ, საქმე ეხება ნიკა მელიას. მე დავინტერესდი მყისიერად მომხდარით, დავუკავშირდი შინაგან საქმეთა მინისტრს, გვქონდა მასთან შეხვედრა და მივიღე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალებთან დაკავშირებით. საქმე იყო შემდეგში: ადგილი ჰქონდა შემთხვევის ადგილზე სამართალდარღვევას ანუ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, იყო გარკვეული ქმედებები განხორციელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიმართ და იმისთვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან. მე დავინტერესდი, ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებას, განმარტება მივიღე ასეთი, რომ მოხდა განრიდება იმისთვის, რომ ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში. განრიდება მოხდა, მოხდა გადაყვანა, შესაბამისად სხვა ლოკაციაზე, ეს იყო ერთ-ერთი განყოფილება და მყისიერად იქნა ბატონი ნიკა მელია გათავისუფლებული ამ ინცინდენტის შემდეგ. ასეთი განმარტება მივიღე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს წევრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი ყველა დეტალით დაინტერესდება.

„ყველა დეტალით დავინტერესდებით. ძალის გამოყენება არის ზოგადად, ხელისუფლების პრეროგატივა, მთავარია, არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება და ბუნებრივია, ამ კუთხით ჩვენ დავინტერესდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე გაირკვევა დეტალები. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, პროტესტი არის ყველას უფლება, ეს არის კონსტიტუციური უფლება, მთავარია, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ ჩვენ კანონის მოთხოვნებს, ეს არის ერთ მხარეს მნიშვნელოვანი, მეორე მხარეს არის მნიშვნელოვანი ის, რომ ძალის გამოყენებისას არ დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი - ამ პროცესებს, ჩვენ, პარლამენტის კუთხით, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა ძალის დემონსტრირებას.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, თუმცა პოლიცია ვალდებულია კანონის ფარგლებში იმოქმედოს.
რომან გოცირიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსვლა და მისგან განმარტებების მიღება მოითხოვა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მყისიერად მოახდინა რეაგირება. მან აქვე სერგო რატიანს მიმართა: „თქვენ პარლამენტის წევრი ხართ და სრულად უნდა თქვათ სიმართლე - რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, როდესაც პროტესტის გამომხატველთა რაოდენობა ბუნებრივად არ კეტავდა ქუჩას, გასცდა კანონმდებლობის ჩარჩოებს და პოლიციელთა რეაგირება იყო კანონისმიერი. ხოლო თბილისი არა მარტო იმ ადამიანებისაა ვინც აქციაში მონაწილეობდა, არამედ იმათიც, ვინც არ მონაწილეობს საპროტესტო აქციებში“. მისივე თქმით, გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, შექმნილია საგამოძიებო კომისია, რომელსაც საქმის მასალები გადაეცა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მიუღებელია, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც კანონიერების ჩარჩოში მოხდა, უპრეცედენტოს უწოდებენ მაშინ, როდესაც მათივე რეჟიმი სასიკვდილოდ იმეტებდა თვით პარლამენტის წევრებსაც კი და მაგალითად ვალერი გელაშვილის და კობა დავითაშვილის შემთხვევები დაასახელა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, შეცდომები იყო დაშვებული და ეს ცუდია, და შეცდომები არ უნდა გაიმეოროს ამ ხელისუფლებამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, ნუ მანიპულირებენ გარდაცვლილი ადამიანის ბედით და კარგად გააცნობიერონ თუ რა განსხვავება, წინა და ახლანდელ ხელისუფლებებს შორის.

„სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს ჩვენ წარსულზე საუბარი, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ჯობია, რომ წინ გავიხედოთ და ვისაუბროთ მომავალზე, დღევანდელობაზე და მომავალზე - ეს არის ნამდვილად უკეთესი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ხშირად მაინც არის საუბარი 9 წელზე. მისი შეფასებით, წინა 9 წელთან შედარებაც კი არასწორია.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ოპოზიციას სხვადასხვა საკითხზე ყურადღების გამახვილებისა და კითხვების დასმისთვის და აღნიშნა, რომ მმართველგუნდს ამ კითხვებზე პასუხები აქვს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი არასდროს გაურბის კითხვებს.
„მე ნამდვილად მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხზე ამახვილებთ ყურადღებას. რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი ამოცანა,განსაკუთრებით, ოპოზიციის ამოცანა. პირიქით, ჩვენ მადლობა უნდა გადაგიხადოთ კითხვების დასმისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენგვაქვს პასუხები ამ კითხვებზე, ეს წარსულში დავადასტურეთ და დარწმუნებული ვარ, რომ როცა მოვა პარლამენტში, თუ როგორც იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრი,ის კიდევ ერთხელ გასცემს ამ კითხვებს პასუხს. ჩვენ არასდროს არ გავურბივართ კითხვებს და ყოველთვის ვართ ხოლმე წელში გამართულები, შეგვიძლია,კითხვებზე პასუხების გაცემა. კიდევ ერთხელ, ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე 9 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლება. ჩვენიამოცანა არის ის, რომ არ დავარღვიოთ, არ მოვკლათ და ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ. თუ იქნება გადაცდომა, აქაც ამოცანა არის ის, რომხელი არ უნდა დაეფაროს არავის, ამ სულისკვეთებით მუშაობს ხელისუფლება და ეს დავამტკიცეთ, მათ შორის იმითაც, რომ შეიქმნა ამ კონკრეტულ საქმესთანდაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიაში უმცირესობას, განსაკუთრებით, რომელიც არის უმრავლესობით წარმოდგენილი, ექნება იმის საშუალება, რომ დასვას ყველა კითხვა, რომელიც არის დაკავშირებული ამ საქმესთან და შესაბამისად, მიიღოს პასუხები. კიდევ ერთხელ, ამოცანა არის ის, რომ დამნაშავეს ხელიარ დაეფაროს, არ დაირღვეს ადამიანის უფლებები, არ შევეხოთ ვინმეს ფიზიკურად და ასე შემდეგ. ამ სულისკვეთებით მოქმედებს ხელისუფლება. ჩვენი ამოცანა არარის, რომ ვიყოთ მხოლოდ იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზეც იმსჯელეს.

დღის წესრიგში 55-მდე განსახილველი საკითხია - კანონპროექტები და პარლამენტის დადგენილებათა პროექტები.
განიხილეს ასევე საორგანიზაციო საკითხები. ბიუროს წევრებმა, მიიღეს გადაწყვეტილება სხვადასხვა კანონპროექტის განხილვის ვადის გადაწევის თაობაზე.

პარლამენტის პლენარული სხდომა ოთხშაბათს, 13 ივნისს, 12 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა