ეკა ბესელია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალადობისგან დავიცვათ ბავშვები და მოვახერხოთ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა
ეკა ბესელია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალადობისგან დავიცვათ ბავშვები და მოვახერხოთ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა
17:40 01.06.2018
„ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალადობისგან დავიცვათ ბავშვები და მოვახერხოთ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. მე მზად ვარ ვიყო ამ კამპანიის ერთი რიგითი მონაწილე და მივმართო ძალისხმევა მყავდეს ბევრი თანამონაწილე ამ პროცესში იმიტომ, რომ ეს ის თემაა, რომელიც აერთიანებს ყველას, ყოველგვარი განსხვავებულობის მიუხედავად“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პრობლემა ძალიან აქტუალური და კამპანიაში, რომლის განხორციელებასაც გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით იწყებს, ჩართული უნდა იყოს ძალიან ბევრი ადამიანი.

„ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი თანამონაწილე იმისთვის, რომ დიალოგის ფორმა საზოგადოებასთან იყოს მუდმივი და შევთანხმდეთ იმ აუცილებელ პრინციპებზე, რომელმაც მინიმუმადე უნდა დაიყვანოს და საბოლოოდ აღმოფხვრას ბავშვთა მიმართ ძალადობა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, გაეროს, გაეროს ბავშვთა ფონდს, ყველა პარტნიორ და საერთაშორისო მხარდამჭერ ორგანიზაციებს ხელისუფლებასთან იმ აქტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

„სკოლამდელი დაწესებულებების უდიდესი რეფორმა, რომელიც ჩვენ 2016 წელს დავამტკიცეთ, ითვალისწინებს სკოლამდელი დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, გაეროს კონვენციის სტანდარტების შესაბამისად, ახალი რეგულაციების დანერგვას ყველა სფეროში, ესენია: უსაფრთხო გარემო, განათლების ერთიანი სტანდარტი, ჯანდაცვა, ჰიგიენა, კვება და სხვა. აბსოლუტურად ყველა პარამეტრის დაცვით, ბავშვის უკეთესო ინტერესების მიზნით გადადგმულ ძალიან თამამ ნაბიჯებს სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა. ჩვენ, საკოორდინაციო მონიტორინგის საბჭოს ფორმატში, გაეროს ბავშვთა ფონდთან და ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი ბოლომდე იყოს მიყვანილი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოს პარლამენტმა განიხილა, სკოლის გარეთ და სკოლის შიგნით უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია.





ბეჭდვა