საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის
აღსანიშნავად, კანადაში საქართველოს საელჩომ, „ფეირმონტ შატო ლორიეში საზეიმო მიღება გამართა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. მან ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, ასევე შეეხო ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რუსეთთან ურთიერთობებს, ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და საქართველო-კანადის ორმხრივ ურთიერთობებს.
სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს კანადის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ ნოლტმა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა ელისონ ლეკლერმა. მათ აღნიშნეს საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი, ხაზი გაუსვეს კანადის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მიღების ფარგლებში გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კანადის მთავრობის წევრები, პარლამენტარები, აკადემიური წრეების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები,კანადაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.