ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის
სასახლეში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთავმჯდომარემ სოფო კილაძემ და ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემმაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ 120 ბავშვს და მათ პედაგოგებს უმასპინძლეს.
ბავშვებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა.
სოფო კილაძემ ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა სტუმრებსა და სრულიად საქართველოს. მისი თქმით, ბავშვები ჩვენი ქვეყნის უპირველესი საზრუნავია.
„ჩვენი მომავალი თქვენ ხართ, ბავშვებო. იკითხეთ წიგნები, მიიღეთ კარგი განათლება. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი თქვენგანი ამ პარლამენტში ჩვენს ადგილს დაიკავებს და აქედან გააგრძელებს სამშობლოზე ზრუნვას“, -მიმართა ბავშვებს სოფო კილაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ბავშვთა კოდექსის მნიშვნელობაზე, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მუშაობს. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა იმის საჭიროება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის უფლების დაცვა. მინდა თქვენს მეგობრად და გულშემატკივრად მიგულოთ. მე ჩემს კოლეგებთან ერთად, მზად ვარ, ნებისმიერ დროს ნებისმიერი თქვენგანის მხარდამჭერი და ქომაგი ვიყო“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
ბავშვებს სიტყვით მიმართა ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემ. მან ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა სტუმრებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან თითოეული ბავშვის უფლება სათანადოდ იყოს დაცული.
იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოსულ ბავშვებს პარლამენტმა სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები შესთავაზა.
პატარებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები. დღესვე ისინი დაესწრნენ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლს „იქ, სადაც ჩემი სახლია“.
სტუმრებს, ასევე, უმასპინძლა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა.
ვიზიტი მაკდონალდსში სტუმრობით დასრულდა.