ირლანდიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ირლანდიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
20:03 31.05.2018
დუბლინში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას დუბლინის ერთ-ერთ მთავარმა ისტორიულმა ღირსშესანიშნაობამ - დუბლინის ციხე-სიმაგრემ (Dublin Castle) უმასპინძლა.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიან გზაზე, ქვეყნის განვითარების დინამიკაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ოკუპაციის თემატიკასა და ირლანდია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

საზეიმო მიღების ფარგლებში, ასევე, გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გავრცელდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული პუბლიკაცია „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“.
ღონისძიებას ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესის, მედიის, კულტურისა და აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბეჭდვა