ფინეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. მან ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, ქართულ-ფინურ ორმხრივ თანამშრომლობაზე და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ანნე სიპილაინენმა და ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში არია მაკკონენმა. ფინელმა დიპლომატებმა ისაუბრეს საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ განვითარებაზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფინეთის მთავრობის წარმომადგენლები, ფინელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ფინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
მიღების ფარგლებში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის ისტორიას.