ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ
მკვლელობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა.
როგორც ენუქიძემ განაცხადა, ზაზა სარალიძის ტრაგედია არ არის ერთი ადამიანის ტრაგედია, ეს არის სახელმწიფოს ტრაგედია, თითოეული მოქალაქის ტრაგედია და სწორედ ამიტომ, სამართლის ძიებაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას.
"მინდა გამოვეხმაურო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და ვთქვა, რომ პირველ რიგში ჩვენ ვართ მშობლები, მამები, ჩვენ ვუთანაგრძნობთ და გვერდით ვუდგავართ შვილმოკლულ მამას, ჩვენ მასთან ერთად ვითხოვთ სრულყოფილ გამოძიებას და სამართალს. ამ საზარელი მკვლელობით გაუბედურებულ მშობლებს და შეძრულ საზოგადოებას გვეკუთვნის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. პირველ რიგში ჩვენ - მოსახლეობამ, პარლამენტარებმა, მთავრობამ, ნებისმიერიმა ადამიანმა უნდა დავინახოთ, რომ სამართალი და კანონი ამ ქვეყანაში არსებობს და იგი არის უზეანესი. დავინახოთ ის, რომ ადამიანი საკუთარ ტკივილთან მარტო არ არის და ნებისმიერი თანამდებობა მეასეხარისხოვანია, მაშინ როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ახალგაზრდებს და კანონს. ზაზა სარალიძის ტრაგედია ერთი ადამიანის ტრაგედია არ არის, ეს არის სახელმწიფოს ტრაგედია, თითოეული მოქალაქის ტრაგედია და სწორედ ამიტომ, სამართლის ძიებაში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ შვილმოკლულ მამას!
ვეთანხმები იმ აზრს, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. ხოლო, თუ დადასტურდება, რომ საქმე არასათანადოდ არის გამოძიებული, უპირობოდ უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“ - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.