მარიამ ჯაში: ვგეგმავთ ინკლუზიური კულტურის კუთხით ახალ კანონს, რომ ყველა კულტურული დაწესებულება ეტაპობრივად გახდეს უნივერსალურად ადაპტირებული თითოეული ადამიანისთვის
მარიამ ჯაში: ვგეგმავთ ინკლუზიური კულტურის კუთხით ახალ კანონს, რომ ყველა კულტურული დაწესებულება ეტაპობრივად გახდეს უნივერსალურად ადაპტირებული თითოეული ადამიანისთვის
18:24 25.05.2018
განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე მშობელთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მიერ ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით შესრულებული ნამუშევრები.

დღესვე, ახალბედა პოეტის, ია ნანეიშვილის ლექსების პირველი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებს იმ ბედნიერებისა და სიამაყისთვის, რასაც ორგანიზაციის წარმომადგენლები საზოგადოებას ჩუქნიან.

„თითოეული მშობელი ჩემთვის გმირია. თქვენ ისე უდგახართ საკუთარ შვილებს გვერდით და იმდენი შეძელით წლების განმავლობაში, რომ თქვენი დედობა გმირობის ტოლფასია. ბედნიერი ვარ, რომ იცვლება საკანონმდებლო ბაზა. უახლოეს პერიოდში სპეცპედაგოგებზე შემოვა რეგულაციები. ისინი გახდებიან მასწავლებლის წოდების მქონე და ნელ-ნელა მოხდება მათი შესაძლებლობებისა და მოტივაციის გაძლიერება. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. კანონში ინკლუზიური განათლების კუთხით კიდევ უფრო მეტი ჩაიდება. ვგეგმავთ ინკლუზიური კულტურის კუთხით ახალ კანონს, რომ ყველა კულტურული დაწესებულება ეტაპობრივად გახდეს უნივერსალურად ადაპტირებული თითოეული ადამიანისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან მადლობა გადაუხადა მშობელთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნინო გულუას იმ სამუშაოსთვის, რასაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აკეთებს. მან ია ნანეიშვილს მიულოცა პირველი კრებულის გამოცემა და გზა დაულოცა შემოქმედებითი მწვერვალებისკენ.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გუგული მაღრაძის თქმით, წარმოდგენილი გამოფენა მიუთითებს იმაზე, რომ მოზარდებს აქვთ განსხვავებული შემოქმედებითი უნარები.

„მე არ მომწონს ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობები, ამ ბავშვებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ სხვადასხვა მიმართულებით. ის, რაც დღეს აქ ვნახე, ამის შექმნის უნარი ბევრ რიგით ადამიანს არ აქვს“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მისი თქმით, ინკლუზიის პროცესი საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მიმართულებით მიდის. მისივე მოსაზრებით, ამ გზაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობა და ერთმანეთის ხელშეწყობა.
ბეჭდვა