ხორვატიის ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
ხორვატიის ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
22:51 24.05.2018
ხორვატიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ათენი) ალექსანდარ სუნკომ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ვახტანგ მახარობლიშვილმა ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე. ხაზი გაუსვეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების არსებულ პოტენციალს, განსაკუთრებით კი - ტურიზმის სფეროს, რაც თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებად მოიაზრება.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე დღის წესრიგისა და სამომავლო პერსპექტივების, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ალექსანდარ სუნკომ, თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის უპირობო მხარდაჭერა. ამასთან, ხორვატიის მხარემ გამოხატა მზადყოფნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკუთარი გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ხორვატიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოსთან მიმართებაში მტკიცე პოზიციის დაფიქსირებისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ ორმხრივი ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ასევე დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.





ბეჭდვა