სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
13:37 14.05.2018
ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში, მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელზეც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის (პარლამენტის) საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრისას ისაუბრეს.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავაჭრო, ეკონომიკური და ენერგეტიკული მიმართულების პროექტებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.



„ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოს აზერბაიჯანთან მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს. სტაბილურობა ქვეყნებში პრიორიტეტულია ორივე სახელმწიფოსთვის. მნიშვნელოვანია ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონულ უსაფრთხოებაში, რაც არის უმთავრესი იმისთვის, რომ ქვეყნები სწორი მიმართულებით განვითარდეს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.



მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობას. „საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთის ურთიერთობა არის ძალიან წარმატებული. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტით წლის დასაწყისში ვიყავით ანკარაში, სადაც სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საუბარი შეეხო ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც ამ ქვეყნებს აკავშირებს ერთმანეთთან და რაც ასევე, ხელს უწყობს რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში, საგარეო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.









ბეჭდვა