logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: ავანტიურისტული ჯგუფები ძალაუფლებისთვის დესტრუქციული ქმედებებით იბრძვიან
ბიძინა ივანიშვილი: ავანტიურისტული ჯგუფები ძალაუფლებისთვის დესტრუქციული ქმედებებით იბრძვიან
18:17 11.05.2018
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა სამი მიზეზითაა განპირობებული.

ამის შესახებ განცხადება ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გააკეთა, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

„რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში, მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი. რატომ გადავწყვიტე ახლა, კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაფუძნე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია - დავამარცხეთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება. ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ის, რაც ჭარბად გამაჩნდა - ხალხის ნდობა - ხელისუფლებაზე მეტად მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა.

მაშ ახლა რატომღა ვდგამ ამ ნაბიჯს, რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება? ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება ჩემგან მკაფიო პასუხს ელის და მეც მზად ვარ, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები.

ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და, მითუმეტეს არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია: საქართველოს, საქართველოს ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი!

ამიტომ ახლა სწორედ ჩემს ხალხს მინდა მივმართო!

ჩვენ ვდგავართ ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს.

პირველი მიზეზია - ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ, ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები;
მეორე - ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი;
მესამე - ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები.

უფრო დეტალურად შევჩერდეთ თითოეულ მათგანზე.

ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა სირთულეების წინაშეა დღეს რიგითი მოქალაქე. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებული, მათ შორის, სისხლიანი კატაკლიზმების შედეგად აღმოვჩნდით.

ჯერ კიდევ არ გვქონდა მოშუშებული სამოქალაქო ომის იარები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში ჩავებით, რასაც შედეგად რუსული ოკუპაცია და მასობრივი დევნილების ორი ტალღა მოჰყვა.
სწორედაც რომ, თანამედროვე სახელმწიფო მართვის ტრადიციის არქონის კვალდაკვალ დაწყებულმა ქაოსმა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია ქვეყანაში და სიღარიბე მასობრივ მოვლენად აქცია. დღემდე მწვავეა უმუშევრობის, ხოლო დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, აგრეთვე პენსიების პრობლემა, - სამწუხაროდ ძვირდება ცხოვრება.

ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ერთის მხრივ გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რასაც მეორეს მხრივ ბევრად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების დონე. დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, რომ ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა. ტრადიციულ დემოკრატიებში ეკონომიკა და თავისუფლებები, როგორც წესი, ერთმანეთს ზრდიდნენ და ავსებდნენ.
ამ დისჰარმონიის აღმოფხვრა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა და ამ გზაზე, როგორ რთულ ამოცანადაც არ უნდა ჩანდეს ეს, ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი დონე და მუდმივად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა, სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს, რადგან ავანტიურისტული ჯგუფები დესტრუქციული ქმედებებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის.

ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ინფორმირებულობის ეპოქაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ სრული საინფორმაციო თავისუფლებით და ხელმისაწვდომობით. ისინი, ამავე დროს, უვიზოდ მოგზაურობენ ევროპის და მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში და თვალნათლივ ხედავენ იქაური და აქაური ცხოვრების დონის შორის არსებულ უზარმაზარ ეკონომიკურ და სოციალურ კონტრასტს. განვითარებული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ხშირად 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება ჩვენსას. ასეთ დროს, ცხადია, ბუნებრივად ჩნდება სურვილი, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ევროპულს გაუტოლდეს და ეს დაუყოვნებლივ, ან მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს.

არაფერია უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ ხალხს უკეთესად ცხოვრება სურს, მაგრამ უცნაური და გაუგებარი ისაა, რომ საქართველოში თითქმის ვერ ვნახავთ პოლიტიკოსს და ექსპერტს, ვინც სიმართლეს ეტყოდა და გასაგებად აუხსნიდა ადამიანებს, რომ ევროპას ასწლეულების განმავლობაში მრავალი ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა, ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა და რომ ბუნებაში ვერ იარსებებს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ეკონომიკა წელიწადში ხუთი და ექვსი კი არა, არამედ ექვსასი პროცენტით გაზარდოს.

მედიის თავისუფლების ხარისხის მკვეთრმა ზრდამ, რაც ჩვენი ხალხის განსაკუთრებული მონაპოვარი და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ არსებული ხელისუფლების დამსახურებაა, უამრავ სიკეთესთან ერთად, განაპირობა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავება. რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეიერში ჩართული პოლიტიკოსები და ეგრეთწოდებული ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს. ეს „ცარიელი სიმრავლე“ ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს არის ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგი, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ცხადია, ეს ბრალდებები არცერთი მეტნაკლებად სანდო და დასაბუთებული არგუმენტით არ არის გამყარებული, თუმცა შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შეფუთულ ტყუილებს იყენებენ . გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე. ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს.

სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა, პრაქტიკულად, საყოველთაო ხასიათი მიიღო და უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას.

მეორე პრობლემა, რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგა, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია. ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არგუმენტირებული მეტოქეობის, გონივრული, უკეთესი ალტერნატივების შეთავაზების და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, შეპყრობილია მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით.

ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უკეთესი პროგრამების წარმოდგენაში, არამედ ქვეყანაში უპერსპექტივობისა და უიმედობის ატმოსფეროს დანერგვაში, რადგან კარგად იციან, რომ მხოლოდ ეროვნული პესიმიზმია მათი ის ერთადერთი პლაცდარმი, რომლიდანაც შეძლებენ ქართულ დემოკრატიაზე შურისძიებას. ხალხის ნდობის არქონის გამო, ისინი ვერ ხედავენ დემოკრატიული პროცედურებით ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას და ამიტომაც ცდილობენ ისეთი განწყობის შექმნას, როდესაც არეულობა სიტუაციის შეცვლის ერთადერთ გზად უნდა მოეჩვენოს ხალხს.
ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ სწორედ ამ და ქვეყნის წინაშე არსებული სხვა მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს და სწორედ ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები.

მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფუჭ კინკლაობაში, თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ. დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მითუმეტეს ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა. მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს. ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, დიახ - მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული გარდატეხის მომენტში და სწორედ ახლა არ გვაქვს უიმედობისა და გულგატეხილობის უფლება. ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვებების უფლება გვაქვს!
მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული გულწრფელი მხარდაჭერისა, დემოკრატიის არარსებობის პირობებში, არცერთი ევროპული სახელმწიფო არ მიგვიჩნევდა სრულფასოვან, თანასწორ პარტნიორად. დემოკრატიის გარეშე ჩვენ განწირულნი ვიყავით, რომ საქართველოსა და ევროპას შორის დისტანცია შემცირების ნაცვლად, კიდევ უფრო გაიზრდებოდა. დემოკრატიის გარეშე, ჩვენ ვერასოდეს გავხდებოდით ევროპული ოჯახის წევრი. ექვსი წლის წინ, ქართველმა ხალხმა დაძლია უიმედობა და გულგატეხილობა და თავისი ბედისწერა შეცვალა, ირწმუნა ჩვენი პოლიტიკური ძალის და მოიპოვა დემოკრატია. ჩვენ დემოკრატია არც მემკვიდრეობით მიგვიღია და არც ვინმეს კეთილი ნებით უბოძებია ზემოდან, ჩვენ ის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით ხელიდან გამოვგლიჯეთ რეჟიმს. და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალური ორგანიზებისა და პროცესების ფილიგრანული მართვის წყალობით, ჩვენ ეს უსისხლოდ მოვახერხეთ. სწორედ ამით დავამტკიცეთ, რომ ევროპელობა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავრი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი!

დემოკრატიაა ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვარის შენარჩუნება და განვითარება. სწორედ ამისთვის ვბრუნდები საჯარო პოლიტიკაში!

სრულიად განჭვრეტად მომავალში ჩვენ ღირსეულად დავიმკვიდრებთ თავს ევროპულ ოჯახში, როგორც გამორჩეული, თვითმყოფადი ერი, უძველესი ქრისტიანული კულტურის, უნიკალური დამწერლობის და პოლიფონიის, ტრადიციული მეღვინეობის და ვეფხისტყაოსნის ქვეყანა, დასახლებული გულღია და ტოლერანტი ადამიანებით, სადაც სწამთ, რომ „სტუმარი ღვთისაა“. სტუმარმასპინძლობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია და ძალიან მალე ეს გამორჩეული თვისება, მე ვიტყოდი - ჩვენი საწყისი უპირატესობა - სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის წყაროდ უნდა გადაიქცეს როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე ათასობით ქართული ოჯახისთვის. საქართველოს შესწევს უნარი, რომ უმასპინძლოს არამხოლოდ მილიონობით ტურისტს, არამედ საუკეთესო პირობებით, უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს საერთაშორისო ფორუმებს, უმასპინძლოს დიდ ბიზნესს, გახდეს განათლების, სამედიცინო მომსახურების და მაღალი ტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრი - იყოს დიდი შესაძლებლობების ქვეყანა. საჭიროა მხოლოდ მიზანდასახულობა, რწმენა და შრომა, ყველაფერი დანარჩენი ჩვენ უხვად მოგვანიჭა ბუნებამ.

ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობა, შეინარჩუნოს სტაბილური, უსაფრთხო და კონკურეტუნარიანი გარემო თითოეული მოქალაქისთვის.

მე მწამს საქართველოსი, მჯერა ჩვენი განსაკუთრებულობის, მჯერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და რომ უდიდესი წარსულის ხალხს გვექნება ღირსეული მომავალი! ეს არის ჩემი მთავარი და აბსოლუტური მიზანი! ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ! სწორედ ამიტომ დავბრუნდი პოლიტიკაში!“-განაცხადა ივანიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა