დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
16:35 11.05.2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. კანონპროექტი ექსპორტის დაზღვევას შეეხება. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები და ექსპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები.



დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ლევან კობერიძემ, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, განაცხად, რომ „დღევანდელი შეხვედრის მიზანია დეტალურად და ზუსტად გავარკვიოთ, რა საჭიროებები და პრობლემები აქვთ კომპანიებს ექსპორტთან მიმართებაში, სად ჭირდებათ მათ ხელშეწყობა იმისათვის, რომ კანონპროექტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს მომავალ კვირას, დეტალურად იყოს მორგებული პირველ რიგში სწორედ ექსპორტიორი კომპანიების წახალისებაზე, ხელშეწყობაზე და საბოლოო ჯამში, კანონი იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი აღსრულებაში“.



შეხვედრაზე მწარმოებლებისა და ექსპორტიორების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები პროცესში ბანკების ჩართულობის და შუამავალი რგოლის გაჩენის აუცილებლობაზე. მხარეებმა იმსჯელეს თუ სად უფრო ეფექტური იქნება ამ რგოლის არსებობა, ეკონომიკის სამინისტროში თუ საპარტნიორო ფონდში.



დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციები თანხვედრაშია, - ექსპორტის წახალისება არის მნიშვნელოვანი და მიდგომა უნდა იყოს დაბალანსებული. დაცული უნდა იყოს ერთის მხრივ ექსპორტიორის ინტერესები, მეორეს მხრივ სახელმწიფო პოლიტიკა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ არის მთელი რიგი დარგები, სადაც ექსპორტიორი კომპანიები ძირითადად დსთ-ს ქვეყნებში ყიდიან თავიანთ პროდუქციას, რადგან იქ ისტორიულად ეს პროდუქცია ცნობილი და პოპულარულია, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა კი არის ევროპის ქვეყნებში რაც შეიძლება მეტი ექსპორტის განხორციელება. სწორედ ამ სურვილისა და არსებული რეალობის შეჯერება უნდა მოხდეს კანონში.



კანონპროექტს „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტი მომავალ კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს.


ბეჭდვა