მარიამ ჯაში: მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა არის ისტორიული ნაბიჯი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ოჯახებისათვის
მარიამ ჯაში: მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა არის ისტორიული ნაბიჯი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ოჯახებისათვის
12:22 05.05.2018
მარიამ ჯაში მთავრობის ახალ სამშვიდობო იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა წარუდგინა პარლამენტს.

"ყველა ვთანხმდებით, რომ შერიგების პროცესში სახალხო დიპლომატიას არ აქვს ალტერნატივა. აღნიშნული ინიციატივა არის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობისათვის, რომელიც ნამდვილად არის ისტორიული ნაბიჯი უკეთესი შესაძლებლობებისთვის, უკეთესი ურთიერთობებისთვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ოჯახებისათვის.


მიუხედავად იმისა, რომ დღეს საპარლამენტო ოპოზიცია არ გვესწრება, მინდა დაგიდასტუროთ, რომ როდესაც აღნიშნულ ინიციატივას ვიხილავდით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში, საკანონმდებლო პაკეტს აბსოლუტური მხარდაჭერა ჰქონდა როგორც უმრავლესობის ასევე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ განხილვებში ჩვენ გვექნება პარლამენტის სრული მხარდაჭერა.


კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სფეროში გათვალისწინებული სამი ინიციატივა, რომელიც თანაბარ და უპირატეს შესაძლებლობებს სთავაზობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს და ახალგაზრდებს. პირველი, არის თანაბარი შესაძლებლობები ზოგადი განათლების მისაღებად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; მეორე - უპირატესი შესაძლებლობები აბიტურიენტებისთვის, რომ მათ აფხაზურ და ოსურ ენაში ტესტირებით შეძლონ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაში სწავლის დაწყება; დაბოლოს, ახალგაზრდებს ეძლევათ თანაბარი და უპირატესი შესაძლებლობები უმაღლესი განათლების დაფინანსების მისაღებად.


მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ ამავე ინიციატივის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტები შეძლებენ არამხოლოდ დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებას, არამედ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამებით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებასაც.


დაბოლოს, Erasmus და ჰორიზონ 2020-ის პროგრამები ასევე სთავაზობს სწავლის შესაძლებლობებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდა მეცნიერებს და სტუდენტებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.


კომიტეტის თანვჯდომარემ აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის ინიციატივის გამოცდილებიდან შეიძლება ახალ ინიციატივას არ ჰქონდეს მასშტაბური მოცვა, მაგრამ თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ოჯახის დამოკიდებულების ცვლილება უკვე იქნება სამშვიდობო პროცესის გზაზე წარმატება.


"მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთიდან დაწყებული აფრიკისა თუ ლათინური ამერიკის ქვეყნების კონფლიქტებით დასრულებული - წამყვანი სტრატეგია არის პრევენცია და პრევენცია გადის აუცილებლად განათლებასა და სახალხო დიპლომატიაზე. სწორედ ამ კუთხით, ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად ისტორიული ინიციატივა." - აღნიშნა მარიამ ჯაშმა


ბეჭდვა