logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
„ევროპის დღეები - 2018“-ის ფარგლებში სოფიო ქაცარავა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
„ევროპის დღეები - 2018“-ის ფარგლებში სოფიო ქაცარავა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
18:24 27.04.2018
„ევროპის დღეები - 2018“-ის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და დასახული ამოცანების შესრულებას, ასევე ევროკავშირის, როგორც ერთიანი ინსტიტუტის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების განხილვას დაეთმო აღნიშნული შეხვედრა, რომელსაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯიუნასი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ანრიკო ბარტოლი და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა, რომელმაც სტუდენტებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ევროკავშირის წევრობა არ არის ბევრიდან ერთი არჩევანი. სინამდვილეში ეს ჩვენი ერთადერთი არჩევანია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ამას განაპირობებს ისტორიულად ჩვენი ევროპული კუთვნილება, გეოპოლიტიკური მდებარეობა და ამჟამინდელი საფრთხეები. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამის მიზეზია ღირებულებითი კავშირი.

ჩვენი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ბუნებრივი პროცესია. საუკუნეების მანძილზე ქართველები და ჩვენი ქვეყნის ლიდერები მუდმივად ცდილობდნენ ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. საქართველოს უალტერნატივო საგარეო კურსი მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას ეკუთვნის და ამისთვის ქვეყანა გადის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გზას. ევროკავშირის ღირებულებები და ფასეულობები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაშია, რაც ჰარმონიას ქმნის და წევრობას დღითიდღე უფრო რეალურს ხდის.

ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს და პრინციპებს ადამიანის უფლებები, დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა წარმოადგენს, რისთვისაც საქართველო მნიშნელოვან ნაბიჯებს დგამს. ქვეყანაში ყალიბდება და ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები და ევროპული სამოქალაქო თვითშეგნება. თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა გაითავისოს საქართველოს მნიშვნელობა და მისი მომავალი, მიიჩნიოს თითოეულმა საკუთრებად, რაც ახლა პატარ-პატარა და მომავალში დიდი წარმატების წინაპირობა იქნება.

საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვა ის ინსტრუმენტები, რაც ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს - ეს არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობა და ვიზა ლიბერალიზაცია-სამი მართლაც ხელშესახები ინსტრუმენტი“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო აქტიურ საქმიანობას განაგრძობს ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის და და ევროკავშირის ქვეყნებთან საპარლამენტო კავშირების გამყარების, მათი გამოცდილების მიღების კუთხით.

„ევროკავშირი ესაა ღირებულებითი არჩევანი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა და საყოველთაო ეროვნული გამოკითხვის დროს ფორმალურადაც გამოხატა. ევროკავშირისგან მიღებული გვაქვს „საშინაო დავალება“, რომელსაც გულმოდგინედ ვასრულებთ სხვადასხვა ორმხრივ ფორმატებში, რაც ისევ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ტრანსფორმირების, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და ევროკავშირთან დაახლოვების ზრდის გზით, კიდევ უფრო ვვითარდებით და ვიხვეწებით, როგორც ახალგაზრდა დემოკრატია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაციის მისწრაფებებზე და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე ისაუბრეს უცხოელმა დიპლომატებმა. „საქართველო გამოწვევებით აღსავსე გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს, მიუხედავად მრავალმხრივი სირთულეებისა ქვეყანა მიზანმიმართულად ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და მოწოდებულია გახდეს ევროკავშირის და ევროატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა პასკალ მენიემ. ევროკავშირის შექმნის წინაპირობებზე, მისი განვითარების ეტაპებზე, დაძლეულ გამოწვევებზე და კრიზისებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. მისი ინფორმაციით, ევროკავშირმა შექმნის შემდეგ არაერთი რთული ფინანსური და პოლიტიკური კრიზისი გადაიტანა, რომელთა დაძლევის შემდეგ იგი კიდევ უფრო ძლიერი და მტკიცე გახდა. მისივე განცხადებით, ევროპული ღირებულებები, რაც დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და ეკონომიკის განვითარებას ეფუძნება, აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რათა ევროკავშირის საწინააღმდეგო პოპულისტური რიტორიკა დასრულდეს. ევროკავშირის წევრობამდე მისი ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. მისი განცხადებით, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ ლიტვა ღარიბი და გაპარტახებული ქვეყანა იყო, რომთანაც ურთიერთობას ყველა ერიდებოდა. დემოკრატიული რეფორმების და შრომატევადი საქმიანობის შედეგად ქვეყანამ მალე შეძლო ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, რასაც შედეგად 2004 წელს ევროკავშირის წევრობა მოყვა. „რატომ არის ევროპა ასე სასურველი? იმიტომ, რომ ეს არის თავისუფლება, ნდობა და კონკურენცია. ევროკავშირი არ არის ცალკე აღებული რაიმე ორგანიზაცია, იგი დემოკრატიული ღირებულებების ერთობას წარმოადგენს“, - განაცხადაგიედრიუს პუოჯიუნასმა. რუმინეთი-საქართველოს მრავალწლიან ურთიერთობებზე საუბრით დაიწყო თავისი გამოსვლა რადუ ლივიუ ჰორუმბმა. მისი ინფორმაციით, ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი, ისტორიული წარსული და განვითარების მიზნები აკავშირებს. ელჩის განცხადებით, მისი ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და დაინტერესებულია საქართველოსთან მრავალმხრივი მჭიდრო ურთიერთობები იქონიოს. ელჩმა სტუდენტებთან შეხვედრისას პირველად გააკეთა განცხადება, რაც თბილისი-ბუქარესთის და ქუთაისი - ბუქარესტის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას შეეხებოდა, რომელიც მისივე განცხადებით, ზაფხულიდან ამოქმედდება.
გამოსვლების შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო პროგრამებით და საქართველოში უცხო ენების შემსწავლელი კურსებით, საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ საიმიგრაციო პოლიტიკის შესაძლო გამკაცრების საკითხებზე და ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე იმპორტის თემატიკით დაინტერესდნენ. ახალგაზრდებმა უცხოელი დიპლომატებისგან და კომიტეტის თავმჯდომარისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს.

„გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინტერესო შეხვედრა გაიმართა. გავიგეთ ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი. ასევე ელჩებისგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რაც სწავლის გაგრძელებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, ნინო ბედოშვილმა.
„რატომ ევროპა? იმიტომ, რომ იგი გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ ხარისხიანი განათლება. პირადად მე ერასმუსის გაცვლითი პროგრამის მონაწილე ვარ და მინდა ავღნიშნო, რომ ქართველი სტუდენტებისთვის ეს არის დიდი შესაძლებლობა მიიღონ ევროპული განათლება და საუკეთესო გამოცდილება, რაც საკუთარი უნარ-ჩვევების სხვანაირად დანახვის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის სტუდენტმა, ვანდა ყაჩილავაშვილმა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო