საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად საფრანგეთში
იმყოფებოდა. 12 სექტემბერს დაბა ლევილში საქართველოს მთავრობის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ლევილის ქართული აკადემიის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში შედგა მოლაპარაკებები მმართველ საბჭოსა და არქიტექტურულ-სამშენებლო და საზედამხედველო ფუნქციების შემსრულებელ კომპანიასთან. სხდომაზე განიხილეს მომდევნო წლებში ჩასატარებელი სამუშაოები, ლევილის მამულის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაციის ეტაპობრივად განხორციელების საკითხი.
სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე, ლევილის მერი ერიკ ბრეივი, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ოთარ ზურაბიშვილი, საბჭოს წევრები ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი, დაჩი ჩაგანავა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის ფესტივალში, რომლის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის ღვინის მუზეუმში გახსნა გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“. გამოფენაზე მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქართული ქვევრი, რომელიც ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს და ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ 8 000-წლიან ისტორიას ასახავს.
ღონისძიების ფარგლებში ზვიად გონაძემ და საპატიო კონსულმა ქ. ბორდოში ალენ მიშელ ღამბაშიძემ შეხვედრა გამართეს თანამემამულეებთან, სადაც განიხილეს ქართული დიასპორის როლი და შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.
ვიზიტის ფარგლებში ზვიად გონაძე ასევე დაესწრო "1924 წლის ეროვნული აჯანყებიდან 93-ე წლისთავის" აღსანიშნავ ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს ორგანიზებით დაბა ლევილში გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. როგორც ზვიად გონაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 1924 წლის აჯანყება ქართველი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის ნათელი მაგალითია და საქართველოს ისტორიისა და ეროვნული მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
“დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ამ აჯანყების მონაწილეების, მათ შორის ამ აჯანყების ხელმძღვანელის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნათელ ხსოვნას, ვისი სახელიც მომავალი თაობებისათვის იქცა ქართველი ხალხის სიმამაცისა და გმირობის მკაფიო მაგალითად, ხოლო თავად 1924 წლის აჯანყება - სამშობლოსთვის თავგანწირვის, ზნეობრივი ფასეულობების დაცვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის უკვდავ მაგალითად. დღევანდელი დღე, რომელსაც ქართველების „ერთიანობის დღესაც“ უწოდებენ, აერთიანებს სამშობლოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ყველა ქართველს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლების, თანასწორუფლებიანობის, დემოკრატიის იდეალები და საქართველოს მომავალი. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილების წინაშე” - აღნიშნა ზვიად გონაძემ.